Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი ადასტურებს, რომ მინსკში გაიმართება სამიტი უკრაინაში კონფლიქტის შესახებ


კრემლი ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიღებს მონაწილეობას უკრაინაში კონფლიქტის შესახებ მინსკის მოლაპარაკებაში უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან ერთად. სამიტი დღეისთვის არის დაგეგმილი. კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პუტინი „დღეს მიემგზავრება მინსკში, სადაც მონაწილეობას მიიღებს“ მოლაპარაკებებში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. დღეისთვის დაგეგმილი სამიტი მიეკუთვნება დიპლომატიურ ძალისხმევას კონფლიქტისთვის ბოლოს მოსაღებად. შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული აღმოსავლეთ უკრაინაში 5350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შეხვედრას წინ უსწრებს ინტენსიური შეტაკებები უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის. პუტინსა და სხვა ოფიციალურ პირებს აქამდე ნათქვამი აქვთ, რომ მინსკის სამიტამდე საჭიროა რამდენიმე საკითხის გარკვევა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორან ფაბიუსის შეფასებით, რომელიც მან დღეს საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში გამოთქვა, მინსკში დაგეგმილი შეხვედრა „მართლაც ბოლო შანსია მოლაპარაკებებისათვის“.

XS
SM
MD
LG