Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქსტატი“: საქართველოში შემცირდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა


წლის დასაწყისში საქართველოში შემცირდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის იანვარში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 694 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც შარშანდელი იანვრის მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის იანვართან შედარებით ექსპორტი 30%-ით ნაკლებია, იმპორტი კი 1%-ით. დღესვე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ იანვრის ექსპორტის წინასწარი მაჩვენებლები რამდენიმე მნიშვნელოვანმა საგარეო ფაქტორმა განაპირობა. ეკონომიკის სამინისტრო ჩატარებული ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომგარკვეულ სეგმენტში ექსპორტის შემცირება უმთავრესად გამოიწვია მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, რუსეთსა და უკრაინაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ორ ქვეყანაში საქართველოდან ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალურის წყლისა და ციტრუსის ექსპორტი იანვარში მკვეთრად შემცირდა. ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში 21%-ით გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულია სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის ზრდის და კლების კონკრეტული მაჩვენებლები.

XS
SM
MD
LG