Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძე წარადგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე წარადგინა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება დაფუძნებულია წინასწარი კონსულტაციებისას შემუშავებულ ოთხ ძირითად კრიტერიუმსა და კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამართლის დოქტორი, პროფესორი ნინო გვენეტაძე არაერთი ნაშრომის ავტორი და მრავალწლიანი პედაგოგიური და მოსამართლეობის 6-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალია. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ნინო გვენეტაძე არის „სიმბოლო სასამართლო ხელისუფლების დაცვის და სიმბოლო იმისა, რომ არსებობენ საქართველოში მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მაღლა აყენებენ კანონს, კანონის უზენაესობას და სასამართლო ხელისუფლების სიძლიერეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საინტერესოა ნინო გვენეტაძის პარტიული ბიოგრაფიაც, რადგან რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო მაშინ, როცა ეს პარტია ოპოზიციაში იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნების შედეგად რესპუბლიკელები კოალიციის სხვა სუბიექტებთან ერთად ხელისუფლებაში მოვიდნენ, პარტიის წევრობა შეიჩერა. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ნინო გვენეტაძე პრინციპულობის სიმბოლოა, აქვს დიდი გამოცდილება და შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია და კარგად იცნობს სასამართლო სისტემას. „მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება შეუქცევადი სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნინო გვენეტაძის კანდიდატურა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ შესთავაზა. პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სულ 28 კანდიდატი იყო წარდგენილი.

XS
SM
MD
LG