Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორ ევროპელ პოლიტიკოსს არ მისცეს ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე დასწრების უფლება


ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს ორ ევროპელ პოლიტიკოსს. ევროპარლამენტის დეპუტატს, ლატვიელ პოლიტიკოს სანდრა კალნიეტეს, რომელიც შერემეტიევოს აეროპორტში ჩაფრინდა, უარი უთხრეს რუსეთში შეშვებაზე. ლატვიის კონსული დაუკავშირდა რუსეთის კონსულს. ლატვიის საკონსულოს განუმარტეს, რომ კალნიეტე უკან უნდა გაბრუნდეს, რადგან რუსეთში ის არასასურველი ვიზიტორია. კალნიეტემ „ფეისბუკზე“ დაწერა: „ახლახან მივიღე ეს შეტყობინება და მაცნობეს, რომ ჩემი ნებისმიერი მცდელობა - 2019 წლამდე შევიდე რუსეთში, განხილული იქნება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. საინტერესოა, რატომ 2019-მდე?“. ცნობილი გახდა აგრეთვე, რომ პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერ ბოგდან ბორუსევიჩსაც უარი ეთქვა რუსეთში შესვლაზე. „ინტერფაქსს“ მოჰყავს ბორუსევიჩის სიტყვები: „მინდოდა პატივი მიმეგო ბორის ნემცოვის ხსოვნისა და რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, ვინც მასავით ფიქრობს. თუმცა, ახლახან შევიტყე, რომ რუსეთის ხელისუფლება მოსკოვში დაკრძალვაზე დასწრების ნებას არ მომცემს“. დასავლეთის სანქციების პასუხად, რუსეთის მიერ დაწესებული კონტრსანქციების გამო, ბორუსევიჩი იმ პირთა სიაშია, ვისაც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება.

XS
SM
MD
LG