Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ნემცოვი მიწას მიაბარეს


მოსკოვში მიწას მიაბარეს რუსეთის ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ბორის ნემცოვი - მას შემდეგ, რაც ის ათასობით მოქალაქემ გააცილა უკანასკნელ გზაზე. ნემცოვი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე მოკლეს, 27 თებერვალს. დაკრძალვამდე მისი ცხედარი ესვენა სახაროვის ცენტრის შენობაში - მოსკოვში განთავსებული ცნობილი ორგანიზაციის, რომელიც სამოქალაქო უფლებების დაცვას ემსახურება. ხალხის ნაკადი შეწყვეტილი არ იყო მაშინაც, როცა ნემცოვის ცხედარი კატაფალკით წაასვენეს ტროეკუროვოს სასაფლაოზე. ფართო ქუჩაზე მოქალაქეები იყვნენ გამოსული და სკანდირებდნენ „რუსეთი თავისუფალი იქნებაო“. პარლამენტში დარჩენილი რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსიდან ერთ-ერთმა, დმიტრი გუდკოვმა განაცხადა, „მე მას არ ვემშვიდობები, რადგან გმირები არ კვდებიანო“. სახაროვის ცენტში, დარბაზის კედლებზე ეკიდა ნემცოვის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის ამსახველი ფოტოები. ნემცოვის მოღვაწეობა მოიცავდა პოსტსაბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპს - 1990-იანი წლების მზარდი დემოკრატიიდან დღევანდელ დღემდე, როცა, კრიტიკოსების თქმით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირობებში სულ უფრო მეტად ძლიერდება ოპონენტების დევნა.

XS
SM
MD
LG