Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გმობს რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის "ხელშეკრულებას"


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას. საგარეო უწყების პოზიცია გამოთქმულია საგანგებო განცხადებაში, რომელიც მოჰყვა ცნობას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 18 მარტს ხელი მოაწერა საქართველოში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებას“. ხელმოწერა გაიმართა მოსკოვში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერთან, ლეონიდ თიბილოვთან პუტინის შეხვედრისას. პუტინის განცხადებით, „ხელშეკრულება“ დაეხმარება ინტეგრაციის პროცესსა და მოკავშირეებს შორის ურთიერთობას რეგიონში. დოკუმენტი მოსკოვს ანიჭებს უფლებამოსილებას, იზრუნოს საქართველოში ოკუპირებული რეგიონის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ამ "ხელშეკრულებაზე" ხელმოწერის წინა დღეს რუსეთის მოქმედება საგაგნგებო განცხადებებით დაგმეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ არ აღიარებს ცხინვალსა და მოსკოვს შორის რაიმე სახის შეთანხმებას. ხოლო ფედერიკა მოგერინის შეფასებით, ამ "ხელშეკრულებაზე" ხელმოწერა სწორედ იმ დღეს, როცა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 31-ე რაუნდი იმართება, ქმნის გარემოს, რომელიც არ უწყობს ხელს ძალისხმევას, ადგილზე უშიშროებისა და ჰუმანიტარული ვითარების გასაუმჯობესებლად.

XS
SM
MD
LG