Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართეს სამი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დასაწყებად


საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დასაწყებად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართეს კომპანია "თელასის" მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებული გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატებმა. ირმა ჭკადუამ, გელა ნიკოლაიშვილმა და მალხაზ ჯანგირაშვილმა თბილისში დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პაატა სილაგაძემ, მაია ოშხარელმა და გიორგი შავლიაშვილმა დაჩქარებული წესით, უცვლელად დატოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია გამტყუნდნენ და უვადო პატიმრობა 15-წლიანი სასჯელით შეეცვალათ. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეებმა განაჩენის თარიღი გააყალბეს. მათი ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში შარშან აგვისტოში გაასაჩივრეს, თუმცა მას საქმე არ განუხილავს და ამიტომ, 25 მარტს უზენაეს სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართეს, რომ საჩივარზე დიდ პალატას ემსჯელა. ადვოკატების განცხადებით, მეორე დღეს, 26 მარტს კონვერტით მიიღეს მოსამართლეების პაატა სილაგაძის, მაია ოშხარელისა და გიორგი შავლიაშვილის მიერ 13 მარტით დათარიღებული გადაწყვეტილება, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უცვლელად რჩება. ადვოკატების თქმით, ფოსტას ადრესატამდე წერილის მისატანად 13 მარტიდან 26 მარტამდე დრო არ სჭირდება, რის საფუძველზეც მიიჩნევენ, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დაცვის მხარემ საქმის დიდ პალატაში განხილვა მოითხოვა. ადვოკატ ირმა ჭკადუას შეფასებით, მოსამართლეთა ეს ქმედება უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის "ბოლო კუდის მოქნევაა.“ ადვოკატის განცხადებით, იმ დროს, როცა გია გვიჩიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელობდა და მაშინდელი ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა, ახლა კი თავის გადარჩენა სურს და კიდევ ორ მოსამართლესთან ერთად გადაწყვეტილება სასწრაფო წესით, უზენაეს სასამართლოში ახალი თავმჯდომარის მისვლამდე მიიღო. ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ ნინო გვენეტაძე მომხდარს სწორ სამართლებრივ შეფასებას მისცემს.

XS
SM
MD
LG