Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში, ჟურნალისტ ისმაილოვას საქმეზე მომჩივანმა გაიტანა საჩივარი


აზერბაიჯანში პირი, რომელიც მომჩივანია დაპატიმრებული გამომძიებელი ჟურნალისტის და რადიო თავისუფლების თანამშრომლის, ხადიჯა ისმაილოვას საქმეზე, ამბობს, რომ პროკურატურას ოფიციალურად მიმართა საჩივრის უკან გატანის თხოვნით. ტურალ მუსტაფაევმა რადიო თავისუფლებას 7 აპრილს უთხრა, რომ საჩივარი შარშან ემოციური სტრესის მდგომარეობაში შეიტანა და ახლა ისმაილოვასთან შერიგება სურს. ისმაილოვა 5 დეკემბერს დააპატიმრეს, მუსტაფაევის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის თაობაზე ეჭვის საფუძველზე. ისმაილოვა, რომლის საქმიანობამ მთავრობის არაერთი წევრის კორუფციული ქმედებები გამოააშკარავა, ამას უარყოფს და აცხადებს, რომ მის მიმართ ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული. ჯერჯერობით გაურკვეველია შეწყვეტენ თუ არა პროკურორები საქმეს და, თუ შეწყვეტენ, გათავისუფლდება თუ არა ისმაილოვა. თებერვალში მას დამატებითი ბრალდებებიც წაუყენეს, მათ შორის გადასახადებისთვის თავის არიდება, უკანონო ბიზნეს-საქმიანობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ისმაილოვას წინასწარ პატიმრობას 24 მაისს ეწურება ვადა. მის დაპატიმრებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფაქტი დაგმეს საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა - ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის ნაწილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობის მცდელობისა გააჩუმოს დამოუკიდებელი აქტივისტები და ჟურნალისტები.

XS
SM
MD
LG