Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნიუ-იორკ ტაიმსი“: კლინტონის ფონდმა თანხა მიიღო როცა რუსეთი ურანზე ხელშეკრულებებს აფორმებდა


„ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, კანადაში დაფუძნებული, აშშ-ის ურანის მნიშვნელოვანი წილის მქონე კომპანიის მესვეურებმა მსხვილი თანხა შეიტანეს კლინტონების საოჯახო ფონდში მაშინ, როცა ფირმის შესყიდვას აწარმოებდა რუსეთი. შესყიდვის პროცესი მიმდინარეობდა იმ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც ჰილარი კლინტონის ხელმძღვანელობით მოქმედმა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა. ავტორიტეტიანმა გაზეთმა ეს ცნობა 23 აპრილს დაბეჭდა, როცა ორი კვირაც არ არის გასული მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აპირებს, კენჭი იყაროს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ცნობის თანახმად, კანადის მონაცემები აჩვენებს „თანხის გაგზავნას კლინტონის ფონდისკენ“ მაშინ, როცა რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაცია, „როსატომი“, კანადის კომპანიის, Uranium One-ის შესყიდვის პროცესში იყო. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, შეთანხმება, რომლითაც რუსეთს გადაეცა კონტროლი აშშ-ის ურანის საწარმოო პოტენციალის ერთ მეხუთედზე, საჭიროებდა დამტკიცებას კომიტეტისგან, რომელშიც აშშ-ის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები შედიან. ცნობის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელსაც მაშინ ჰილარი კლინტონი ხელმძღვანელობდა, მწვანე შუქი აუნთო შეთანხმებას. გაზეთში მოტანილია კლინტონის საარჩევნო კამპანიის პრესმდივნის სიტყვები - რომ „არავის არასოდეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ სახელმწიფო მდივნად მუშაობისას მან ოდესმე იმოქმედა კლინტონების ფონდის დონორთა ინტერესების სასარგებლოდ.“

XS
SM
MD
LG