Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობიდან გადადგა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი


თანამდებობიდან გადადგა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი. მან ოფიციალური განცხადებით უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. გადაწყვეტილების მიზეზად ელგუჯა ხოკრიშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრებ ოჯახთან ყოფნის სურვილი დაასახელა. „საქართველოში მუშაობისას მთავრობის გუნდთან ერთად შევძელით სახელმწიფო პოლიტიკაში ძირეული ცვლილებების შეტანა. რეფორმების კუთხით პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგმულია. სასურველი შედეგების მიღწევას კვლავაც დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდება, თუმცა პროცესი უკვე შეუქცევადია“, - ნათქვამია ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ხოკრიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის პატივია სამთავრობო გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტი, როცა რთული არჩევანია გასაკეთებელი. „ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომლებიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემს შვილთან ერთად”, - ნათქვამია ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაში. მისი ინფორმაციით,გადაწყვეტილების მიღებამდე ესაუბრა მთავრობის მეთაურს, რომელმაც მისი პოზიცია გაიზიარა. ელგუჯა ხოკრიშვილმა მადლობა გადაუხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მისი მინისტრობის პერიოდში მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. „სამინისტროს ჰყავს ძლიერი გუნდი, რომელიც შეძლებს გააგრძელოს სწორი პოლიტიკა, სიახლეების ინტეგრაცია და გაუმკლავდეს გამოწვევებს, რაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მუდმივი თანმხლები პროცესია", - აღნიშნულია ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG