Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი: მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უუფლებო მთავრობის არსებობას


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მოქმედი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, დღეს ქვეყანას ჰყავს ისეთივე ლეგიტიმური, უფლებამოსილი და ნდობით აღჭურვილი მთავრობა, როგორიც ჰყავდა ორი დღის, ორი თვის, ან ერთი წლის წინ. დავით უსუფაშვილის განმარტებით, მოქმედი მთავრობა უფლებამოსილი აღარ არის მხოლოდ მაშინ, თუ შექმნილია ახალი მთავრობა, ყველა სხვა შემთხვევაში კი სრულფასოვნად, სრული უფლებამოსილებით და სრული ნდობით ფუნქციონირებას განაგრძობს. „მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირი ნაკლული, ნახევრად უფლებამოსილი, ან უუფლებო მთავრობის არსებობას“, - განაცხადა დღეს დავით უსუფაშვილმა. რაც შეეხება იმას, რომ ერთი მესამედით განახლების შემთხვევაში მთავრობას ნდობის დადასტურება სჭირდება, დავით უსუფაშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს არა იმას, რომ მთავრობას ნდობა აღარ აქვს, არამედ იმას, რომ მკაფიოდ განსაზღვრულ ვადაში მთავრობა თავისი პროგრამით პარლამენტში უნდა მივიდეს და მოსმენის შემდეგ კენჭისყრა გაიმართოს. უსუფაშვილის თქმით, მთავრობასთან მიმართებით რაიმე იურიდიულ, ან პოლიტიკურ პრობლემაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პარლამენტისგან ნდობას ვერ მიიღებს, მანამდე კი მთავრობის სამართლებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა უცვლელია. ამ თემაზე სპეკულირებას დავით უსუფაშვილმა სრულიად უსაგნო უწოდა.

XS
SM
MD
LG