Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიამ კიდევ 234 ქალი და გოგონა გამოიხსნა ბოკო ჰარამის ტყვეობიდან


ნიგერიის არმიამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში კიდევ 234 გოგონა და ქალი გაათავისუფლა ექსტრემისტული ჯგუფის, ბოკო ჰარამის ტყვეობიდან. ისინი ტყეში აღმართულ სამალავში ჰყავდათ დატყვევებული. ამ ოპერაციის შემდეგ, გათავისუფლებული ქალების საერთო, დეკლარირებული რიცხვი 677-ს აჭარბებს. არმია ამჟამად ქვეითი ჯარით უტევს ექსტრემისტთა პოზიციებს სამბისას ტყეში, მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს ახორციელებდა. ნიგერიის არმიის ინფორმაციით, მან ექიმთა გუნდი ჩაიყვანა ადგილზე, გათავისუფლებული ქალების და გოგონების დასახმარებლად. ყოფილი ტყვეებიდან ზოგიერთი ორსულად არის, უმეტესობას მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიღებული. ჯერჯერობით გაურკვეველია მათ შორის თუ არიან ის მოსწავლეები, რომლებიც ექსტრემისტებმა ერთი წლის წინ გაიტაცეს ჩიბოკში მდებარე სკოლიდან. ამ ფაქტს მსოფლიოში მწვავე პროტესტი მოჰყვა. ამნესტი ინტერნეიშენალი იუწყება, რომ ექსტრემისტებმა გასული წლის დასაწყისის შემდეგ გაიტაცეს 2000-მდე გოგონა და ქალი. ბოკო ჰარამი ნიგერიაში და მეზობელ ქვეყნებში უკვე ექვსი წელია მოქმედებს, მის თავდასხმებს შეეწირა 13,000-მდე ადამიანი, 1.5 მილიონი პირი ლტოლვილად იქცა.

XS
SM
MD
LG