Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის შეხვედრა და ბიზნესფორუმი


თბილისში მიმდინარეობს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის და ბიზნესწრეების 4 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს. საქართველოს მთავრობის განცხადებით, რეგიონში მსგავსი მასშტაბის პირველი ფორუმის მასპინძლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც. EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბანკის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა ყოველწლიური შეხვედრის ადგილად თბილისის არჩევისა და საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციებისთვის. პრემიერის განცხადებით, საქართველო მისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობით სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება როგორც ენერგეტიკული და სატრანზიტო ცენტრი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ტრანზიტისთვის. „ჩვენ გვაქვს რესურსი ვიყოთ რეგიონული ჰაბი“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველოში შექმნილია სათანადო გარემო საერთაშორისო კომპანიების განთავსებისა და რეგიონული საფინანსო ცენტრების ჩამოყალიბებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი და ამ სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველი ქვეყანაა. პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესისთვის საქართველოში არის კარგი შესაძლებლობა წარმოების და სოფლის მეურნეობის სფეროების ინვესტირებისთვის, რასაც ემატება ის ფაქტიც, რომ ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სფეროს განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „მიუხედავად მიღწევებისა, ჩვენ განწყობილნი ვართ, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რათა ვუპასუხოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს და დავაჩქაროთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო ინვესტორებს სთავაზობს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ხარისხიან, გამჭვირვალე და პროგნოზირებად კანონებს, ჯანსაღ საარბიტრაჟო პროცედურებს, სანდო სასამართლო და სანოტარო სისტემებს,სასამართლო განჩინებათა სწრაფ და ეფექტურ აღსრულებას, საჯარო მონაცემთა ხელმისაწვდომობას, ინფორმაციის საჯაროობას და სწრაფ და გამჭვირვალე საჯარო მომსახურებას.

XS
SM
MD
LG