Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: განახლებულ ბრძოლაში დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 39 სამხედრო


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო გამოდის გაფრთხილებით, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილია ფართომასშტაბიანი ბრძოლის განახლების „კოლოსალური საფრთხე“. პრეზიდენტის ამ განცხადებამდე უკრაინამ გაავრცელა ცნობა, რომ მისი ხუთი სამხედრო დაიღუპა და 39 დაიჭრა ქვეყნის აღმოსავლეთში 3 ივნისს მიმდინარე ბრძოლაში მთავრობის ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. პრეზიდენტის თანაშემწემ, იური ბირუკოვმა 4 ივნისს „ფეისბუქით“ გაავრცელა ცნობა, რომ სამხედროთა უმრავლესობა დაიღუპა ქალაქ მარიინკასთან ახლოს, რომელიც სეპარატისტების ბასტიონიდან, დონეცკიდან დასავლეთით მდებარეობს. კიევის განცხადებით სეპარატისტებმა ტანკების და არტილერიის გამოყენებით სცადეს იქ მთავრობის პოზიციების დაკავება, რაც წარმოადგენს დარღვევას საერთაშორისო შუამავლების მეშვეობით მიღწეული საზავო შეთანხმებისა. უკრაინის არმიის ცნობით, შეტევის გამო ის იძულებული გახდა გამოეყენებინა არტილერია, რომელიც მას გატანილი ჰქონდა მინსკში მიღწეული მეორე შეთანხმების შესაბამისად, დემილიტარიზებული ზონის შექმნის მიზნით. სეპარატისტები მთავრობის ძალებს სდებენ ბრალს ბრძოლის განახლებაში და აცხადებენ, რომ არმიის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა 15 სამოქალაქო პირი და სეპარატისტი მებრძოლი. მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, მინსკის შეთანხმება „მუდმივი საფრთხის ქვეშაა კიევის მთავრობის მოქმედებების გამოო.“

XS
SM
MD
LG