Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა დაიპყრეს ავღანეთში მდებარე იამგანის რაიონი


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, უშიშროების ძალების, სულ ცოტა, სამი წევრი და რვა თალიბი დაიღუპნენ ბრძოლისას, რომლის შედეგადაც თალიბმა მეამბოხეებმა კონტროლი დაამყარეს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე იამგანის რაიონზე. იამგანი ბადახშანის პროვინციას ეკუთვნის. თალიბებმა წუხელ წამოიწყეს იერიში უშიშროების ძალების ბლოკ-პოსტებზე და დაიპყრეს იამგანის უდიდესი ნაწილი. ბადახშანის პროვინციის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, შაჰ ვალიულა ადიბმა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს დაუდასტურა, რომ იამგანი თალიბების ხელშია. მისივე ინფორმაციით, უშიშროების ძალები განაგრძობენ ბრძოლას რაიონზე კონტროლის აღსადგენად. ავღანეთის უშიშროების ძალები მარტო, უცხოელი სამხედროების დახმარების გარეშე ებრძვიან მეამბოხეებს მას შემდეგ, რაც გასული წლის მიწურულს ამოიწურა საერთაშორისო ძალების საბრძოლო მისიის ვადა. ავღანეთიდან იუწყებიან აგრეთვე, რომ აღმოსავლეთში მდებარე ღაზნის პროვინციაში, სულ ცოტა, შვიდი სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას ჩადებულ ბომბზე მათი ავტომანქანის აფეთქების შედეგად. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის, შაფიკ ნანე საფის ინფორმაციით, დაიჭრა ექვსი სამოქალაქო პირი. ინციდენტი 5 ივნისს მოხდა.

XS
SM
MD
LG