Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოქმედდა ბორის ნემცოვისადმი მიძღვნილი ინტერნეტსაიტი


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობიდან მე-100 დღეს, მოსკოვში პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეების ჯგუფმა წარმოადგინა ინტერნეტსაიტი nemtsov2015.ru. საიტზე აგროვებენ ხელმოწერებს მოთხოვნით, მემორიალური დაფა განთავსდეს ნემცოვის მკვლელობის ადგილას მოსკოვის ცენტრში, მოსკვორეცკის ხიდზე. პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, ისინი არ იზიარებენ მოსკოვის ხელმძღვანელობის შეფასებას, რომ ბორის ნემცოვის მემორიალური დაფის განთავსება დაუშვებელია „საზოგადოებრივი კონსენსუსის არარსებობის გამო“. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, რომ არ შეურიგდება პოლიტიკოსის მკვლელობას. პროექტის ორგანიზატორებს შორის არიან პარლამენტარი დმიტრი გუდკოვი, ოპოზიციონერები ილია იაშინი, ვლადიმირ რიჟკოვი, „მემარჯვენე ძალების კავშირის“ ყოფილი თანათავმჯდომარე ირინა ხაკამადა, ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვი. დღესვე, უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ დაუდგენელმა პირებმა ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან წაიღეს ყვავილები, დროშები და პლაკატები. ბორის ნემცოვი წელს 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვის ცენტრში, კრემლის მახლობლად.

XS
SM
MD
LG