Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალური აუდიტორი: ტენდერში დარღვევები გამოვლინდა


გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა. "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურმა საქმის შესწავლა უკვე დაასრულა და შესაბამისი მასალები პროკურატურაში გადააგზავნა. „რაც შეეხება დანაშაულის ნიშნებს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის გამო ზედმეტი კომენტარისაგან თავს შევიკავებ, ვინაიდან არ იყოს სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოზე აუდიტის სამსახურის მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, თუმცა, რა თქმა უნდა, დარღვევები იყო", - განაცხადა ლაშა თორდიამ. "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა კი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კაბელების საქმეზე დაკავებულებს უახლოეს ხანებში გაათავისუფლებენ. "მე არ ვიცი, ბატონი თორდია რაზე აკეთებს განცხადებებს. მე ვიცი გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სასამართლომ დაუშვებლად სცნო მთავარი მტკიცებულება, რომელზეც პროკურატურა აპელირებდა და, რის საფუძველზეც ეს ადამიანები იქნენ დაკავებულები” - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

XS
SM
MD
LG