Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა შესაძლოა, ვეტო დაადოს ეროვნული ბანკის კანონში შესატან ცვლილებას


ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შესაძლოა, ვეტოს უფლებით ისარგებლოს, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს ეროვნული ბანკის კანონში შესატან ცვლილებას და მას საბანკო ზედამხედველობის ფუნქციას ჩამოართმევს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვეტოს შესაძლებლობას განიხილავს ყველა იმ კანონპროექტის შემთხვევაში, რომელიც ქვეყანას რაიმე ფორმით დააზიანებს. გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკის შესახებ მომზადებული კანონპროექტი არსებითად არაფერს შეცვლის და ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს. „ეს ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ასოცირების დღის წესრიგს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საჯაროდ გამოთქმულ პოზიციას და წამყვანი ბიზნესასოციაციების, კომერციული ბანკების, ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის სპეციალისტების ძირითადი ნაწილის მოსაზრებებს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. მისი განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის გაძლიერებას და საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელებას ევროკავშირის ექსპერტიზით, განსაკუთრებით კი ევროპის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციების საფუძველზე. გიორგი აბაშიშვილმა კანონპროექტის ავტორებს და მხარდამჭერებს მოუწოდა, უზრუნველყონ რეალური და პროფესიული კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ექსპერტების მონაწილეობით. პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოსაზრებების უგულებელყოფა ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.

XS
SM
MD
LG