Accessibility links

ახალი ამბები

ევროკავშირმა გამოყო თანხა თბილისის სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად

ევროკომისია აცხადებს, რომ 3 მილიონ ევრომდე გამოყოფს თბილისში სტიქიის შედეგების დასაძლევად და დაზარალებულების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად. თანხის ამ ნაწილს საქართველო საბიუჯეტო დახმარების სახით მიიღებს. ევროკომისია გამოყოფს აგრეთვე 400 ათას ევროს ჰუმანიტარული საქმიანობის დაფინანსებისთვის, ყველაზე მეტად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. ეს თანხა გადაეცემა "საქართველოს წითელ ჯვარსა" და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან დაზარალებულებს, აწვდიან: საყოფაცხოვრებო ნივთებს, წყალს, ჰიგიენურ და სამედიცინო საშუალებებს. „ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მზად არის დაეხმაროს თბილისში დაზარალებულ ოჯახებს აღადგინონ თავიანთი სახლები და შეუდგნენ ახალ ცხოვრებას. ეს დახმარება არის სტიქიით დაზარალებულების მიმართ ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში.

ყველა ახალი ამბავი

გალის რაიონის მოსახლეობა აპროტესტებს დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას

23 იანვარს აფახაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გალის რაიონის ადმინისტრაციის შენობასთან მიტინგი გამართა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც აპროტესტებს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიასთან დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას. როგორც „ნუჟნაია გაზეტა“ იტყობინება, H1N1 ვირუსის გავრცელების გამო თვითგამოცხადებული რეპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა მდინარე ენგურზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის გადაკვეთაზე ორთვიანი შეზღუდვა შემოიღო.

მოძრაობის შეზღუდვამ მრავალი პრობლემა გაუჩინა გალის რაიონის მოსახლეობას, რომელიც სხვადასხვა მიზნით ხშირად კვეთს ე.წ. საზღვარს. გალელები თბილისის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე დადიან სამუშაოდ, სასწავლად, სამკურნალოდ, სოციალური გადარიცხვების მისაღებად, სავაჭროდ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ადგილობრივ ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა ფასები.

გაზეთის თანახმად, ადმინისტრაციის შენობასთან 80-მდე ადამიანი შეიკრიბა. ადმინისტრაციის ხელძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ნადარაია შეხვდა აქციის წარმომადგენლებს და შეეცადა აეხსნა გადაადგილების შეზღუდვის აუცილებლობა. „აუცილებელია გვესმოდეს, რომ ეს ზომები დაკავშირებულია იმასთან, რომ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ აფხაზეთში ღორის გრიპით დაავადების შემთხვევები. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს აფახაზეთში H1N1 ვირუსით ოთხი ადამიანი დაიღუპა,“ განაცხადა ნადარაიამ.

შეხვედრის მსვლელობისას განიხილეს დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული რამდენიმე კერძო შემთხვევა.

მაიკ პომპეო: დიდი ძალისხმევაა საჭირო რუსეთთან კონფრონტაციის საფრთხის შესამცირებლად

მაიკ პომბეო დავოსის ფორმუზე ვიდეოჩართვისას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი „არ არიან განწირული ცივი ომის ქიშპობისთვის“, მაგრამ დიდი ძალისხმევაა საჭირო რუსეთთან კონფრონტაციის საფრთხის შესამცირებლად.

პომპეომ თქვა, რომ კრემლმა უნდა შეცვალოს „თვალთახედვა და ქცევა“, და რომ საჭიროა მოსკოვთან მოლაპარაკებები ბირთვული იარაღის გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად. ეს განცხადება პომპეომ 22 იანვარს გააკეთა მსოფლიო ლიდერების შეკრებაზე პირდაპირი ვიდეოხიდით. აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეწყვეტის, „შატდაუნის“ გამო პომპეო არ წაუსულა დავოსში.

პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი „დაუბრუნდება მოქმედებების სწორ კურსს... რომელიც მას კანონის უზენაესობის, წესრიგისა და თავისუფლების გზაზე გაუძღვება.“

პომპეომ ასევე ოპტიმიზმი გამოთქვა ჩინეთთან ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც 30-31 იანვარს შედგება, და ბირთვული იარაღის საკითხებზე მოლაპარაკებების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ იონ უნს შორის.

ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი სავარაუდოდ დალია

ბავშვი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში წყლის ნაცვლად სავარაუდოდ სადეზინფექციო ხსნარი დალია, იაშვილის სახელობის კლინიკის ტოქსიკოლოგიის განყოფილებაში მკურნალობს. კლინიკის თანახმად, გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესებულია და იგი კლინიკაში რჩება. როგორც ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა შამილიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იგი კარგადაა, საკვებსაც ღებულობს და ამ დღეებში გაწერენ კიდეც კლინიკიდან.

შემთხვევას, რომელიც 21 იანვარს მოხდა, მამუკა შამილიშვილი შემდეგნაირად აღწერს:“ ვირუსებთან დაკავშირებით ჯგუფების დეზინფექციას ამ ხსნარით დღეში ორჯერ ვატარებთ. დილით ძიძამ დეზინფექცია რომ ჩაატარა, გაზავებული სითხე დარჩა და შესანახ კონტეინერში მის ჩაბრუნებას აპირებდა.ამ დროს შემოსულან ბავშვები. ერთი ბავშვი ძიძას სამზარეულოში შეჰყოლია და წყალი მოუთხოვია. წყლის დასხმის დროს ძიძას ინსტიქტურად დაუდია სითხიანი სინჯარა მაგიდაზე. სანამ ეს ჭიქა აივსებოდა, მოვბრუნდი და ტუჩებთან ჰქონდა უკვე მიტანილიო-ასე გვითხრა ძიძამ. ბავშვის მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, მას სითხე სავარაუდოდ დალეული არ აქვს, მაგრამ პირის ღრუში მოხვედრილია. ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.“- გვითხრა მამუკა შამილიშვილმა.

ბავშვის სადეზინფექციო ხსნარით შესაძლო მოწამვლის ფაქტს ბაღში არსებული სპეციალური დისციპლინური კომისია სწავლობს. მამუკა შამილიშვილის თანახმად, მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ზომები იქნება გატარებული ძიძის მიმართ. არ გამოირიცხება მისი სამსახურიდან გათავისუფლებაც.შსს-ს თანახმად, მოკვლევა დაიწყეს სამართალდამცავებმაც.

ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა. ის სამკერვალო საწარმო „ლიდერის“ თანამშრომლებთან ერთად ცოხნიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. სოციალური საწარმო „ლიდერში“, იძულებით გადაადგილებული და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალები არიან დასაქმებული. სამკერვალო საკუთარი მოგების ნაწილს გამყოფ ხაზთან მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ხარჯავს. დღეს საწარმო და სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცოხნიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა. მათ პროდუქტი, წიგნები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცათ.

„დღეს ამ ოჯახს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელითაც დავეხმარეთ, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ ერთ ოჯახს, არამედ ამ სოფლებში მავთულხლართების პირისპირ მცხოვრებ ყველა ოჯახს ხუთი წელია ვეხმარებით საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაში - გაზიფიცირებით, წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარებით, ამბულატორიებით, სწავლის საფასურის გადახდით და ა.შ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სახელმწიფო აუცილებლად გააგრძელებს ამ სოფლების მხარდაჭერას და განსაკუთრებით შევუწყობთ ხელს ისეთ აქტივობებს, საწარმოებს, რომლებიც არა მხოლოდ საჭიროების დაკმაყოფილებაზე, არამედ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აშშ მხარდაჭერას უცხადებს ვენესუელაში საპროტესტო აქციების მონაწილეებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა გამოაქვეყნა ვენესუელაში საპროტესტო აქციების მონაწილეების მხარდამჭერი მიმართვა. აქციები 23 იანვარს იმართება.

პენსი აქტივისტებს აშშ-ის პრეზიდენტის სახელით უცხადებს ვაშინგტონის მხარდაჭერას. ის აღნიშნავს, რომ ვენესუელელი ხალხი იცავს თავისუფლებას და ხმას იმაღლებს მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს კარაკასის მიმართ თეთრი სახლის პოზიციაზე: ვაშინგტონი ვენესუელის ხელისუფლების ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ მიიჩნევს ეროვნულ ასამბლეას, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს.

მადურო 2013 წელს გახდა ვენესუელის პრეზიდენტი. ის განმეორებით აირჩიეს 2018 წლის მაისში, მაგრამ არჩევნები მკაცრად გააკრიტიკეს აშშ-მა, დასავლეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა. მადუროს აკრიტიკებენ დემოკრატიის პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისათვის.

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში ასახულია „მრავალგვარი“ საფრთხე რუსეთიდან, ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, დენ კოუტსი

აშშ-ში გამოქვეყნდა ანგარიში „ეროვნული დაზვერვის სტრატეგია“, რომელშიც „სულ უფრო მრავალგვარ“ საფრთხეს შორის დასახელებულია რუსეთის ძალისხმევა, გაზარდოს თავისი გავლენა და ჩინეთის სამხედრო ძალების მოდერნიზაცია.

„ეროვნული დაზვერვის სტრატეგიით“, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ მზადდება, ხელმძღვანელობს აშშ-ის დაზვერვის 17 სააგენტო. საფრთხეებს შორის სახელდება აგრეთვე ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების მცვდელობა, აშშ-ის მოწინააღმდეგეების კიბერუნარების გაზრდა და გლობალური პოლიტიკური დესტაბილიზაცია.

ანგარიშში გამოთქმული შეფასებით, მსოფლიო „სულ უფრო კომპლექსური და არამყარია“, „საფრთხეები სულ უფრო მრავალგვარი და ურთიერთდაკავშირებული ხდება“.

ანგარიშის პირველი ნაწილი ეთმობა საფრთხეებს, რომლებიც მომდინარეობს „ტრადიციული მოწინააღმდეგეებისაგან“ - ავტორების განმარტებით, ეს მოწინააღმდეგეები ცდილობენ, ისარგებლონ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის დასუსტებითა და დასავლეთში იზოლაციონისტური ტენდენციების გაძლიერებით.

ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ  მოსამართლეებს წერილები გაუგზავნეს  

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პერსონალურ წერილს სათითაოდ, პირადად უგზავნიან 278 მოსამართლეს და სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდასაჭერად არჩევნის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მოქმედი 294 მოსამართლიდან ისე შეარჩია 10 კანდიდატურა, რომ სხვა მოსამართლეებზე არც კი უმსჯელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ზოგადად სხვა შესაძლო კანდიდატებზე.დღეს სასამართლო ხელისუფლება დგას გზაგასაყარზე: ან სასამართლო იქნება შიდა დემოკრატიულ მმართველობაზე დამყარებული, კანონზე დაფუძნებული სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში, ან კიდევ უფრო დასცილდება კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის პრინციპებს და გაიზიარებს ერთი ვიწრო ჯგუფის ინტერესებს. სასამართლოსთან მიმართებაში ყველა ჩვენი მცდელობის ამოსავალი წერტილია ბრძოლა სასამართლოში არაკანონისმიერი გავლენების წინააღმდეგ,“- აღნიშნულია ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის წერილში. წერილის თანახმად 26 მაისს გაიმართება მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენცია, რომლის ერთადერთი საკითხი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვა იქნება. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლეებს სთხოვენ ამ საკითხთან მიმართებაში სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესები დაიცვან.

„ბევრი თქვენთაგანი შეიძლება იმყოფებოდეს წნეხის, შიდა ცენზურის და თვითცენზურის ქვეშ. შესაბამისად, გვინდა იცოდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმ მოსამართლის უფლებების დასაცავად, ვისთვისაც ინდივიდუალური დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კორპორაციული ინტერესი ან ვიწრო ჯგუფის მიმართ ერთგულება,“- ნათქვამია წერილში.

ბავშვის გარდაცვალების საქმეზე სოციალური მომსახურების სააგენტოში შიდა მოკვლევა დაიწყო

4 წლის ბავშვის გარდაცვალებასა და ამ საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოში მოკვლევა დაიწყო. უწყების შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის კახა ძიმისტარაშვილის განცხადებით, დამატებით დეტალებზე, ამ ეტაპზე, უწყება ვერ ილაპარაკებს.

4 წლის გოგონა 22 იანვარს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვნის დედა. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს. საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით.

ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად, ბავშვის დედის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ დაღუპული გოგონას დედა ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.

იმყოფებოდნენ თუ არა სოციალური მომსახურების აგენტები 6 იანვრის შემდეგ ოჯახში ბავშვის მდგომარეობის შესამოწმებლად, ამ კითხვაზე პასუხს სოციალური მომსახურების სააგენტო ამ ეტაპზე არ იძლევა და აცხადებს, რომ მხოლოდ შიდა აუდიტის მოკვლევის დასრულების შემდეგ გაკეთდება დამატებითი კომენტარები.

„ჩემი ჩრდილიდან გამოვიდეს“ - გიგი უგულავას პასუხი კახა კალაძეს

„ნუ მეზომება, ნუ მეტოლება, თუ რაიმეს კარგად გააკეთებს, მხოლოდ გამიხარდება. როგორც ის იქცევა, თბილისის მერისთვის შეუფერებელია" - ამგვარად უპასუხა თბილისის მერს კახა კალაძეს ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას განმარტებით, 2013 წლამდე სასტუმრო “ბუდაპეშტის“ ტერიტორია ვაკის პარკს არ ეკუთვნოდა და მისი მიმდებარე ტერიტორია იყო. ახალი გენგეგმის პირობებში კი ეს ტერიტორია მოექცა რეკრეაციულ ზონაში და ის ვაკის პარკს ეკუთვნის.

„დღეს რომ გადაწყვეტილებას ვიღებდე, დღეს ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. იმის მიუხედავად, რომ სამართლებრივად ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება იყო სწორი და ამის აღიარება უსამართლო სასამართლოსაც მოუწია. იმას, რასაც ერთი კვირის განმავლობაში თბილისის მერისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ვხედავთ, არის ჩვეულებრივი ფარისევლობა და ხალხის მოტყუება. კალაძე ხალხს ატყუებს, როდესაც ამბობს, რომ მას სხვა გზა არა აქვს. საზოგადოებამ სრული სურათი უნდა იცოდეს. ეს ისტორია 2013 წელს არ დაწყებულა. ისტორია 90-იან წლებში იწყება. როცა 90-იან წლებში რესტორანი “ბუდაპეშტი“ დაიწვა, მაშინვე შევარდნაძის ახლო ნათესავმა მამუკა შევარდნაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა, კარგად ცნობილმა რიჟამ - გიორგი კაპანაძემ შეისყიდეს. მთელი საგა, ზღაპრები და სისულელეები, რომ მე რაიმე ინტერესი მქონდა აქვე მთავრდება. ყველაფერი შეიძლება დამაბრალოთ, მაგრამ ვერ დამბრალდება რაიმე კავშირი რიჟასთან, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ოცნება აუსრულა და ჩემი დაკავების სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული “ქართულ ოცნებასთან“. კალაძე და რიჟა არიან ერთი თავის ორი ფეხი“, - განაცხადა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ამ განცხადების ფონია კახა კალაძის გამოხმაურება ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობასთან დაკავშირებით. კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ გასცა 2013 წელს.

„თბილისისთვის მტკივნეული საკითხით მინდა დავიწყო - ეს არის ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისთვის გაცემული ნებართვა. ეს ნებართვა გაიცა 2013 წელს, გიგი უგულავას მიერ, რომელმაც გამოსცა სპეციალური აქტი - უვადო სპეცნებართვა და ვაკის პარკში ამ კომპანიას მიეცა უფლება, ააშენოს 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობა. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. აქტივისტები ეწინააღმდეგებოდნენ ამ მშენებლობას და მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. იყო დავები სასამართლოში, სამწუხაროდ, ყველა სარჩელი წაგებულია და სპეცნებართვა ძალაშია დატოვებული.

ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა, რომელიც არის უგულავას მერობის დროს გაცემული. ჩემთვის, ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, არის ნათელი მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

WADA იცავს თავის გადაწყვეტილებას რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს შესახებ

WADA-ს გენერალური დირექტორი, ოლივიე ნიგლი

მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტო WADA-ს გენერალური დირექტორი, ოლივიე ნიგლი იცავს გადაწყვეტილებას, არ დაუწესოს ახალი სანქციები რუსეთის ანტიდოპინგურ სააგენტო RUSADA-ს მიუხედავად იმისა, რომ უცხოელმა ექსპერტებმა დროულად ვერ მიიღეს მონაცემები მოსკოვის ლაბორატორიიდან.

ნიგლიმ ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც WADA-მ 22 იანვრის შეხვედრაზე გადაწყვიტა, არ მიმართოს ახალ ზომებს RUSADA-ს წინააღმდეგ.

რუსეთის მხრიდან დათქმული ვადის უგულებელყოფამ ბევრი ათლეტისა და ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს უკმაყოფილება გამოიწვია. გამოთქვამენ აზრს, რომ რუსეთს, პრაქტიკულად, დრო გაუხანგრძლივეს WADA-ს მოთხოვნების შესასრულებლად და რომ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო საკმარისად აქტიური არ არის თავის ისტორიაში უდიდესი კრიზისის მიუხედავად.

კრიტიკის საპასუხოდ, ნიგლიმ გამოთქვა აზრი, რომ RUSADA, როგორც ჩანს, ცვლილებას განიცდის. დეკემბერში ჩავატარეთ RUSADA-ს შემოწმება, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა და მათ თავი გამოიჩინეს, როგორც ძალიან კვალიფიციურმა და კარგმა ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამო, განაცხადა ნიგლიმ. მისი თქმით, ყველაფერი კარგად არ არის, მაგრამ ამჟამად „სწორი მიმართულებით“ ვითარდება.

RUSADA-ს 2015 წელს მოუხსნეს აკრედიტაცია მას შემდეგ, რაც WADA-ს დავალებით მომზადებულმა ანგარიშმა წარმოაჩინა რუსეთის სპორტში დოპინგის გამოყენების მასშტაბური, სახელმწიფოს ხელშეწყობით მოქმედი სისტემა.

რუსეთის ანტიდოპინგურ სააგენტოს 2018 წლის სექტემბერში აღუდგინეს აკრედიტაცია, რაც მისთვის წაყენებულ გარკვეულ პირობებს უკავშირდებოდა, მათ შორის მოსკოვის ლაბორატორიაში უცხოელი ექსპერტების შეშვებას 31 დეკემბრამდე. RUSADA-მ ეს ვადა არ დაიცვა, მაგრამ 10 იანვარს შეუშვა ექსპერტები მოსკოვის ლაბორატორიაში. ახლა WADA-მ უნდა შეამოწმოს იქ მოპოვებული სინჯები.

მიხეილ ბატიაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონფლიქტი ჭიდაობის ფედერაციაში სწრაფად გადაიჭრას

მიხეილ ბატიაშვილი

ყველა მხარე, რომელიც დაინტერესებული ვართ, რომ ქართული სპორტი განვითარდეს, ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები, მაგრამ პირველ რიგში საგამოძიებო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში უნდა დასრულდეს. შემდეგ ყველა მხარე უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, ვისაც ქართული სპორტის განვითარება აინტერესებს“-განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. იგი იმედოვნებს და სჯერა, რომ კონფლიქტი სწრაფად აღმოიფხვრება.

შინაგან საქმეთა სამინისიტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ძალადობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დააკავა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“ ჩატარდა და დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება.

მოკლულია თალიბების მეთაური, რომელმაც დაგეგმა ავღანელ ჯარისკაცებზე 21 იანვრის თავდასხმა

ავღანეთი, მაიდან შაჰრი, 2019 წლის 21 იანვარი: ავღანეთის არმიის ბაზა თალიბანის თავდასხმის შემდეგ

ავღანეთის უშიშროების მთავარი სააგენტოს განცხადებით, მოკლულია თალიბი მეთაური, რომელმაც დაგეგმა ავღანეთის სამხედრო ძალებზე ამ კვირაში მოწყობილი თავდასხმა. ვარდაკის პროვინციაში მდებარე მაიდან შაჰრში სამხედრო ბაზაზე 21 იანვრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი.

უშიშროების ეროვნული სამმართველოს განცხადებით, თალიბების მეთაური, ნომანი, მოკლეს 22 იანვრის საღამოს საჰაერო დარტყმის შედეგად.

თალიბანის წარმომადგენლები ჯერ არ გამოხმაურებიან ამ ცნობას.

ავღანეთის უშიშროების ეროვნული სამმართველოს მონაცემებით, 21 იანვრის დილას თავდასხმის შედეგად დაიღუპა 36 და დაიჭრა 58 ადამიანი. სხვა ოფიციალური უწყებები, სულ ცოტა, 70 მოკლულზე საუბრობენ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ნატოდან აშშ-ის გასვლის აკრძალვას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დიდი უმრავლესობით მიემხრნენ კანონპროექტს, რომელშიც დასტურდება კონგრესის მტკიცე მხარდაჭერა ნატოს მიმართ. კენჭისყრის ფონია შეშფოთება, რომელსაც იწვევს 29-წევრიანი ჩრდიილოატლანტიკური ალიანსის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება.

ნატოს მხარდაჭერის აქტს, რომელიც კრძალავს ბიუჯეტის გამოყენებას ალიანსიდან გასასვლელად და აცხადებს, რომ აშშ-ის პოლიტიკა ითვალისწინებს ალიანსის წევრად დარჩენას, ხმა მისცა ორივე პარტიის წარმომადგენელთა დიდმა უმრავლესობამ: 357-მა კანონმდებელმა 22-ის წინააღმდეგ.

კანონპროექტით დადასტურებულია ნატოს წევრების ურთიერთდახმარების პრინციპის მხარდაჭერა, ისევე როგორც მხარდაჭერა ახალი წევრის, მონტენეგროს მიმართ. საუბარია აუცილებლობაზე, რომ აშშ-მა გააგრძელოს „ევროპული შეკავების ინიციატივის“ დაფინანსება და რომ მიზანია ალიანსის ყოველმა წევრმა თავდაცვას მოახმაროს მთლიანი შიდა პროდუქტის, სულ ცოტა, 2%.

კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე თანამდებობიდან გადადგა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ნატოს მხარდაჭერით ცნობილი უეს მიჩელი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი უვადო პატიმრის საქმეზე პროკურატურას მიმართავს

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროულად გადასცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმე, რომლითაც გამოკვეთილია ახალი გარემოებები უვადო მსჯავრდებულის თეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძის მსჯავრთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის თანახმად, თეიმურაზ შარაშენიძეს 2009 წელს ბრალი დასდეს ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობაში და მიუსაჯეს უვადო პატიმრობა. იგი სასჯელს იხდის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

მთავარმა პროკურატურამ საქმეზე ახალი გამოძიება ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის საფუძველზე, 2013 წელს დაიწყო. ადამიანის უფლებათა ცენტრში განმარტავენ, რომ გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც კითხვის ქვეშ აყენებს საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობას.

2018 წლის ნოემბრიდან თეიმურაზ შარაშენიძემ პროკურატურის მიერ საქმის სასამართლოსთვის გადაცემის გაჭიანურების გამო მიმართა პროტესტის უკიდურეს ზომას - მშრალ შიმშილობას. მან შიმშილობა ადამიანის უფლებათა ცენტრის თხოვნით შეწყვიტა.

ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, თეიმურაზ შარაშენიძის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადასცეს, რათა დადგინდეს, არის თუ არა საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ობიექტური და სამართლიანი.

სავარაუდოდ H1N1-ის ვირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

აჭარაში სავარაუდოდ H1N1 ვირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში 12 იანვრიდან მკურნალობდა. იგი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. გარდაცვლილი 48 წლის იყო. ტრაპზონის კლინიკაში სავარაუდოდ იმავე მიზეზით გარდაიცვალა 33 წლის მამაკაცი, რომელიც ოჯახმა თურქეთში ბათუმში მკურნალობის შემდეგ გადაიყვანა. ბათუმის რეფერალურ საავდმყოფოში იგი სუნთქვის უკმარისობით რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე

ჩვენთვის თითოეული ცენტის ინვესტიცია მნიშვნელოვანია, თუმცა პატივცემულმა ინვესტორმა, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმასთან ისაუბროს, - ამის შესახებ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში ამ შენობა-ნაგებობის განთავსება კატეგორიულად მიუღებელია.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ინვესტორთან. ეს საერთოდ ცალკე ისტორიაა. ის პირდაპირ გამოდის და საუბრობს, თითქოს ჩვენ ხელებს ვუგრიხავთ, თუმცა ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ქალაქის და თბილისელების ინტერესები არის პირველ ადგილზე და ჩვენ არასდროს არ მოვექცევით ინვესტორს ისე, რომ კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეთ. ჩვენთვის თითოეული ცენტის ინვესტიცია არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ეკონომიკური განვითარებისთვის, ადამიანების დასაქმების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ამაზე საუბარს მე ახლა აღარ გავაგრძელებ. თუმცა, შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ამ პატივცემულმა ინვესტორმა, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმასთან ისაუბროს. ჩვენ ვართ კატეგორიულები და ვაცხადებთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ამ შენობა-ნაგებობის განთავსება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში, ვაკის პარკში. ვიმეორებ - ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაკის პარკში მშენებლობა არ დავუშვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იტალიაში მოკლეს საქართველოს მოქალაქე

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი მხატვარი თამარ მოდებაძეა, რომელსაც სამდღიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს მეგობრის სახლში.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის თანახმად, ოფიციალურად მკვლელობის შესახებ ინფორმაცია საკონსულოში არ შესულა, თუმცა საკონსულოს გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტი აქვს.

4 წლის გოგონას ცხედრის გამოკვლევა დასრულებულია

4 წლის გოგონას ცხედრის გამოკვლევა, რომელიც 22 იანვარს საკუთარ სახლში გარდაიცვალა, დასრულებულია. გოგონას ცხედარი ლევან სამხარაულის კლინიკიდან ჯერ არ გადაუსვენებიათ. როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს სამხარაულის კლინიკის პრესსამსახურში, გრძელდება ლაბორატორიული კვლევა, რომელიც, სავარაუდოდ 30 სამუშაო დღეს გასტანს. სწორედ ამის შემდეგ დადგინდება გოგონას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი და დასკვნა გადაეცემა საგამოძიებო ორგანოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვნის დედა. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს. საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით.

ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად, ბავშვის დედის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ დაღუპული გოგონას დედა ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.

ხინჩეგაშვილი: იმედია, გეგეშიძეს მისცემენ საშუალებას, დაუბრუნდეს ჭიდაობის ფედერაციას

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეუერთდა აქციას, რომელიც სპორტსმენებმა 22 იანვარს გამართეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოსთან. ხინჩეგაშვილმა განაცხადა, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დაკავების გამო სპორტსმენები იძულებულნი გახდნენ სავარჯიშო დარბაზები მიატოვონ და გეგეშიძის გასათავისუფლებლად იბრძოლონ.

„დღეს რომ აქ ამდენი ხალხი შევიკრიბეთ, დამიჯერეთ, არავის გვსიამოვნებს. ახლა, წესით, უნდა ვისვენებდეთ და მოსამზადებელი გეგმა არ უნდა დავარღვიოთ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი გველის. იწყება ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლა. ასეთ რეალობაში კი მუშაობას და წარმატებების მოპოვებას ვერაფრით შევძლებთ. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთმა მოჭიდავემ მეორე ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანოს. იმედია მალე მორჩება ეს გაუგებრობა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს მისცემენ საშუალებას დაუბრუნდეს თავის ოჯახს, ანუ დაგვიბრუნდეს ჩვენ“, - თქვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სამართალდამცავებმა თბილისის სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბის გამო 22 იანვარს დააკავეს. ინციდენტი 11 იანვარს მოხდა და ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა გეგა გეგეშიძე მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მოგვიანებით სპორტსმენის სიტყვების დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერიც გავრცელდა და საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა. გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა დაკითხვის შემდეგ დააკავეს და დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. დღესვე იგეგმება მოჭიდავეთა მორიგი აქცია ვაკის ფალავანთა კლუბთან.

საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას ვაქცინაცია დაიწყო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს და დაწესებლებების თანამშრომლებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის განკარგულების თანახმად, წითელას საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდებათ. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის 20-დან 40 წლამდე პირებს შეეხებათ, თუმცა შესაბამისი ინფორმაცია პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ მიეწოდებათ, როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფების ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, ასევე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს.

ვაქცინაცია დღეიდან, 23 იანვრიდან იწყება. იგი შეეხება იმ ადამიანებსაც,ვისაც არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ჩატარებულ გეგმიურ ვაქცინაციასა, ან მცირეწლოვან ასაკში წითელას შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით.

ზვიად პატარიძე: „მოვითხოვთ ფედერაციის პრეზიდენტის გათავისუფლებას“

ზვიად პატარიძე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დუშეთში მიმდინარე საწვრთნელი შეკრება შეწყვიტა, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის განთავისუფლების მოთხოვნით.

ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და მწვრთნელები 22 იანვარს, ღამით, დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ და გეგეშიძის დაკავება გააპროტესტეს.

„წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი გველის. 2019 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების გათამაშება იწყება და მაქსიმალურად კარგად მომზადებულები და კონცენტრირებულები უნდა შევხვდეთ. უკვე დავიწყეთ ერთობლივი ვარჯიშები, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ თბილისში დავბრუნებულიყავით და ქართული საჭიდაო ოჯახის ხელმძღვანელის გვერდით დავმდგარიყავით. ნაკრების წევრები მოვითხოვთ, სასწრაფოდ გამოუშვან დაკავებული გეგა გეგეშიძე და მოგვცენ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების საშუალება“, - განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონმა ზვიად პატარიძემ.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სამართალდამცავებმა თბილისის სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბის გამო 22 იანვარს დააკავეს. ინციდენტი 11 იანვარს მოხდა და ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა გეგა გეგეშიძე მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მოგვიანებით სპორტსმენის სიტყვების დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერიც გავრცელდა და საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა. გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა დაკითხვის შემდეგ დააკავეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას

დავით ბაქრაძე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებულ მაგნიტსკის სიის რეზოლუციის შესწორებას, რითაც მხარი დაუჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას.

„ევროპული საქართველოს“ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე წარადგინა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. „ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, ტატუნაშვილის და ოთხოზორიას ოჯახებს, რომ მკვლელები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარმდგარიყვნენ. საერთაშორისო სამართლებრივი ზომების და სანქციების გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული პირები ვერ უნდა ახერხებდნენ თავისუფლად გადაადგილებას. ევროპარლამენტის და აშშ-ს კონგრესის შემდეგ უკვე ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მხარდაჭერილია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და მხარდაჭერილია ყველა საერთაშორისო სანქცია.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ გააგრძელებს მუშაობას ამ სიის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის.

აშშ-ის სენატი კენჭს უყრის „შათდაუნის“ პროექტებს

ამერიკის სენატი ხუთშაბათს განიხილავს რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მიერ წარდგენილ ორ კანონპროექტს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო უწყებების დაფინანსების სრულ განახლებას და შეწყვეტას ეგრეთ წოდებული „შათდაუნის“-სამთავრობო სამსახურების მუშაობის ნაწილობრივი შეჩერების, რომელიც უკვე თვეზე მეტია გრძელდება.

აშშ-ს სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი, მიჩ მაკკონელი კონგრესის ზედა პალატაში წარადგენს გარკვეული სახელმწიფო სამსახურების, მათ შორის სასაზღვრო კედლისა და იმ არალეგალური მიგრანტების დეპორტაციისგან დაცვის პროგრამის 3 წლით გაგრძელების დაფინანსების პროექტს, რომლებიც აშშ-ში ბავშვთა ასაკში ჩაიყვანეს. დემოკრატები წარადგენენ პროექტს, რომელიც მიმართულია საჯარო უწყებების საქმიანობის განახლებისკენ და მოიცავს ასევე პუნქტს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ, თუმცა არ ითვალისწინებს კედლის მშენებლობის დაფინანსებას, რასაც მოითხოვენ პრეზიდენტი ტრამპი და აშშ-ს კონგრესის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობა.

თბილისში აქციას მართავენ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მხარდამჭერი სპორტსმენები

სპორტსმენები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ. 

დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციას მართავს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაწილი. სპორტსმენები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ.

გვიან ღამით საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ფედერაციის პრეზიდენტის მხარდამჭერი სპორტსმენების შეკრების შესახებ.

22 იანვარს, საღამოს შინაგან საქმეთა სამინისიტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავა, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ძალადობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“ ჩატარდა და დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, გეგა გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება.

იუნკერი: კმაყოფილი ვართ ვიზების საკითხზე საქართველოს მუშაობით

ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროკომისია კმაყოფილია ვიზების საკითხზე საქართველოს მუშაობით.

„რასაკვირველია, არის ზოგი პრობლემა არა კონკრეტულად საქართველოსათვის, არამედ ყველა ქვეყნისათვის, რომელიც უვიზო რეჟიმით“ მოქმედებსო, განაცხადა მან ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

იუნკერმა, ისევე როგორც იოჰანეს ჰანმა, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ევროკავშირი რეგულარულად ამოწმებს, იზრდება თუ არა ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი. ჩვენი შთაბეჭდილებაა, რომ არ იზრდებაო, თქვა მან, რითაც, სავარაუდოდ, საქართველოს შემთხვევა იგულისხმა.

იუნკერმა გამოთქვა ასევე შეფასება, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს ამ „ფენომენის“ შესაზღუდად. ევროკომისიას რაც შეეხება, „ძალიან საგანგაშოდ არ მიმაჩნია ის, რაც ხდება“, დასძინა იუნკერმა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG