Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ზოოპარკის დირექტორის მხარდამჭერი აქცია


თბილისში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის მხარდამჭერ აქციაზე. მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ზოოპარკის დირექტორი დამნაშავე არ არის ინციდენტში, რომელმაც ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის თავდასხმის შედეგად ადამიანი შეიწირა და მომხდარზე პასუხისმგებლობა სხვებმაც უნდა გადაინაწილონ. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ 17 ივნისს თბილისში, "ლაგუნა ვერესთან" ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯვის ფაქტის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით. პროკურატურამ დაკითხა თბილისის ზოოპარკის დირექტორი. გურიელიძის თქმით, ის სრულად აცნობიერებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა მისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ გარეული ცხოველებისაგან მოქალაქეებს საფრთხე არ ექმნებოდა. “ჩემი შეტყობინების შედეგად ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. თუმცა გარწმუნებთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს. ერთი პატარა ვეფხვი კიდევ დაკარგულია და ერთი აფთარი. აფთარი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის, ეს გახლავთ ზოლებიანი აფთარი, არის პატარა ზომის ცხოველი, ეს საფრთხეს არ წარმოადგენს, უბრალოდ ერთიც და მეორეც გაურკვეველია, ცოცხალია, გაქცეულია თუ ჯერ კიდევ შლამში იმყოფება, რომელიც ჯერ კიდევ ბლომად არის ზოოპარკის ტერიტორიაზე,“- განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ადამიანზე ვეფხვის თავდასხმის გამო შესაძლოა ზოოპარკის დირექტორი დააკავონ. პრემიერის თქმით, თუ ვინმე იქნება ზურაბ გურიელიძის დამცველი, პირველ რიგში თავად იქნება.

XS
SM
MD
LG