Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლო განცხადებით გამოეხმაურა რუსთავი 2-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას


ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს უზენაესი სასამართლო. მისი ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ე.წ. კაბელების საქმე მიმდინარე სასამართლო დავაა, რომელზეც სამართალწარმოება არ დასრულებულა და შემდეგი წინასასამართლო სხდომა 26 ივნისსაა დანიშნული. „სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით გაასაჩივრონ სასამართლოს აქტები და საპროცესო დოკუმენტები კანონმდებლობით დადგენილი წესით, უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს ნებისმიერი განცხადება კი შესაძლოა, აღქმული იყოს სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობად, რაც დააზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან სხვა კომენტარი და განცხადება მიზანშეუწონელია და ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების და სამართალწარმოების მონაწილეთა ინტერესებს. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 23 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლეზე, დავით ჯუღელზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ზეწოლა განახორციელა, რის შემდეგაც ჯუღელმა პოლიტიკური თავშესაფარი თხოვა იტალიისა და აშშ-ის საელჩოებს.

XS
SM
MD
LG