Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის გაუგებრობა იყო


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის გაუგებრობა და კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკს და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს შეეძლოთ მოსახლეობისთვის უფრო კარგად აეხსნათ, რა იწვევდა ლარის კურსის ვარდნას. პრემიერის თქმით, მთავრობის მხრიდან ყოველთვის არსებობდა ეროვნულ ბანკთან კონსტრუქციული ურთიერთობის სურვილი, რადგან მთავრობა ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და არა პირადი სურვილებისა და ემოციების მიხედვით. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის შემდგომ კურსს, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, კრიზისულ სიტუაციაში ყველაზე მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა. ეროვნული ბანკის პროგნოზზე დაყრდნობით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ლარის კურსის შემდგომი ვარდნა მოსალოდნელი არ არის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის პასუხისმგებლობის თაობაზე დასმულ შეკითხვას ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ თანამდებობრივი პოზიცია არ აძლევს საშუალებას ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს ბრალი ღიად დასდოს. "ჩემგან, როგორც მოქმედი პრემიერ-მინისტრისგან ამის გაკეთება მართებული არ იქნება, თუმცა თუ იკვეთება, რომ ესა თუ ის ადამიანი რაიმე ფორმით ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იმუშაონ და ყველა შესაძლო საფრთხის პრევენცია მოახდინონ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამავე ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის კანონპროექტისადმი საქართველოს პრეზიდენტის და მისი ეკონომიკური მრჩევლის სკეპტიკური დამოკიდებულება ბევრ შეკითხვას აჩენს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ გიორგი მარგველაშვილი ვეტოს უფლებით ისარგებლებს, მის დასაძლევად პარლამენტი მობილიზებას მოახდენს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის კანონში შესატანი ცვლილებებისადმი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შენიშვნებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, მათი რჩევები პარლამენტმა უკვე გაითვალისწინა. „ეს ორგანიზაციები ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია და მათთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით ვართ დაინტერესებულნი, ამიტომ ავუხსენით, რომ ჩვენი მიზანი ეროვნული ბანკის დეპოლიტიზებაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მეგობარმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს მისცეს სასარგებლო რეკომენდაციები, რომლებიც პარლამენტმა გაიზიარა.

XS
SM
MD
LG