Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი შეისწავლის ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლად გამოცხადების კანონიერებას


რუსეთის გენერალური პროკურორი შეისწავლის 1991 წელს ბალტიის სამი სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებას. გასულ წელს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ 1954 წელს ყირიმი უკანონოდ გადაეცა უკრაინას. ცნობამ პრიკურატურის ახალი განზრახვის შესახებ გამოიწვია ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს მძაფრი რეაქცია. „არავის აქვს უფლება დაგვემუქროს“, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ - „ჩვენი დამოუკიდებლობა მოპოვებულია სისხლითა და ლიტველების მიერ გაღებული მსხვერპლით“. „ერთიანი რუსეთის“ წევრმა ორმა დეპუტატმა პროკურატურას მიმართა სარჩელით, რომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადების შესახებ უკანონო იყო. დეპუტატები ირწმუნებიან, რომ ამ გადაწყვეტილებებმა „დიდი ზიანი მიაყენა“ სახელმწიფოს და უნდა კვალიფიცირდეს როგორც „სახელმწიფოს ღალატი“. ინიციატივას, შესაძლოა, დიდი ძალისხმევა არ მოყვეს რუსეთში, სადაც ზოგიერთი მაღალჩინოსანი სკეპტიკურად გამოეხმაურა სარჩელს: „არაფერი მსმენია ამ მოთხოვნაზე. რაც ვიცი, არის ის, რომ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებები ბალტიისპირეთის ქვეყნებთან“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

XS
SM
MD
LG