Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პოლიციამ დაიწყო ქართველ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტის გამოძიება


თურქეთის პოლიციამ დაიწყო ქართველ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტის გამოძიება. აჭარის ტელევიზიის და რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფები ქალაქ რიზეში იმყოფებოდნენ 14 ივლისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის დაღუპვის გარემოებების და ორი დაშავებულის მდგომარეობის გასარკვევად. აჭარის ტელევიზიის კორესპონდენტის, გოგიტა გოგიტიძის ინფორმაციით, რიზეს საავადმყოფოს ეზოში ქართველ ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ავტოავარიის შედეგად დაშავებული თურქეთის მოქალაქის ახლობლები და ოპერატორებს ვიდეოკამერები დაუზიანეს. თურქეთში საქართველოს გენერალური კონსულის, ავთანდილ მიქაცაძის განცხადებით, რიზეში მსგავსი ფაქტი არასდროს მომხდარა, ამიტომ ინციდენტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. მისი ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში გადაცემის შემდეგ საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები ყველა სასამართლო პროცესს დაესწრებიან. თურქეთის ქალაქ რიზეში 14 ივლისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქე ადგილობრივი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებულები კლინიკაში მოინახულა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ. მისი ინფორმაციით, თურქი ექიმები პაციენტების საქართველოში ტრანსპორტირებას ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიიჩნევენ. თურქეთიდან საქართველოში უკვე გადმოასვენეს ავტოავარიის შედეგად დაღუპული ერთი ადამიანი.

XS
SM
MD
LG