Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ განჩინება გამოიტანა ენერგეტიკის ექსმინისტრის საქმეზე


იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ“ − განჩინება გამოიტანა. მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული დავა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა. საქართველოს ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2004 წლის 1 აპრილს მიმართა. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მომჩივანი, სხვებს შორის, ასაჩივრებდა მის მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევას, რამდენადაც პატიმრობის პერიოდში მას გაეწია არასათანადო მკურნალობა; მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) დარღვევას, რამდენადაც მისი დაკავება მოხდა უკანონოდ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა შესაბამისი დასაბუთების გარეშე. გარდა ამისა, მომჩივანი მიუთითებდა, რომ საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი განცხადებებით დაარღვია მომჩივნის უდანაშაულობის პრეზუმფცია კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. 2015 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავრობამ აღიარა მომჩივნის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევა და მომჩივანს კომპენსაციის სახით 5 000 ევრო შესთავაზა. 2015 წლის 6 მაისს მომჩივანი სრულად დაეთანხმა საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებას. მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული დავა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა.

XS
SM
MD
LG