Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანალიტიკური ცენტრი: ნატოს და რუსეთის სამხედრო წვრთნების ინტენსიფიკაცია ზრდის დაძაბულობას


ანალიტიკური ცენტრი გამოდის გაფრთხილებით, რომ რუსეთის და ნატოს მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნების მასშტაბის და რაოდენობის მატება ზრდის ევროპაში შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობას. ლონდონში განთავსებული ევროპელ ლიდერთა ქსელის (ELN) დირექტორის, იან კერნსის თანახმად, ომის თამაშები აძლიერებს „უნდობლობის კლიმატს“. წვრთნებმა შესაძლოა „გაზარდოს არასტაბილურობა“ და გააღრმავოს „სახიფათო სამხედრო კავშირების“ საფრთხეო, ვკითხულობთ გამოკვლევაში. რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირება გაღრმავებულია მოსკოვის მიერ უკრაინაში ჩარევის გამო. ავტორები გამოყოფენ ინდიკატორებს, რომ „რუსეთი ემზადება ნატოსთან კონფლიქტისთვის და ნატო ემზადება რუსეთთან შესაძლო კონფრონტაციისთვის". გამოკვლევას გამოეხმაურა ნატო და გადაჭრით უარყო მოსაზრება, რომ ალიანსის მიერ „რუსეთის მზარდი აგრესიის პასუხად“ ჩატარებული წვრთნები ევროპაში ომის საფრთხეს ზრდის. ალიანსის პრესმდივნის, კარმენ რომეროს განცხადებით, ნატოს წვრთნების მიზანი სწორედ საპირისპიროა - რომ ევროპაში გაძლიერდეს უსაფრთხოება და სტაბილურობა, რუსეთის აგრესიის ფონზე. რუსეთსა და დასავლეთს შორის კავშირებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის მიერ უკრაინისგან ყირიმის ანექსირებამ, 2014 წლის მარტში, ისევე, როგორც, ნატოს განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინელი სეპარატისტებისთვის აღმოჩენილმა ღია სამხედრო დახმარებამ ომში, რომელსაც 6500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა აღმოსავლეთ უკრაინაში.

XS
SM
MD
LG