Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელი გაეცნო ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრისთვის საფუძვლის ჩასაყრელად მიმდინარე სამუშაოებს


ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრისთვის საფუძვლის ჩასაყრელად მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაეცნო თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. მისი ინფორმაციით, 27 აგვისტოს, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტისას მოხდება საძირკვლის ჩაყრა კრწანისის სასწავლო ბაზაზე, სადაც ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი გაიხსნება. „თავად კრწანისის სასწავლო ცენტრი გარკვეულ მზადყოფნაშია, რადგან წვრთნები წლების განმავლობაში ტარდება, თუმცა ერთობლივი ცენტრის მიზნებისთვის, ნატოს კონსულტანტებთან ერთად კიდევ ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისი შეფასებით, 27 აგვისტოს, ერთობლივი ცენტრის დაფუძნებით ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერება. „იმედი მაქვს, ამინდიც ხელს შეგვიწყობს იმისათვის, რომ ნამდვილი დღესასწაული მოვაწყოთ“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG