Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის განცხადებით, მთავრობა მზად არის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობა განაგრძოს


ლარის კურსის ვარდნის მიზეზად სპეკულაციას და აჟიოტაჟს მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან მოსახლეობას მიმართა, ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს არ აჰყვეს და სიმშვიდე შეინარჩუნოს. „განსაკუთრებით ნუ აჰყვება მოსახლეობა და ბიზნესმენები მედიასაშუალებებით შექმნილ აჟიოტაჟს და უპასუხისმგებლო ექსპერტების გამონათქვამებს“, - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მოქალაქეებს და ბიზნესსექტორს სთხოვა მთავრობის და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნონ. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკას არანაირი ფუნდამენტური პრობლემა ამ ეტაპზე არ აქვს, რადგან დადგენილია ინფლაციის პარამეტრი და გავლილია კრიზისული ეტაპი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა მზად არის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობა და კოორდინაცია განაგრძოს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 24 აგვისტოს, საღამოს დადგენილი ოფიციალური კურსით, რომელიც 25 აგვისტოდან ამოქმედდა, ერთი ამერიკული დოლარის ფასმა 2 ლარს და 36 თეთრს მცირედით გადააჭარბა, თუმცა ჯერ კიდევ ამ კურსის დადგენამდე სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 2 ლარსა და 40 თეთრს მიაღწია.

XS
SM
MD
LG