Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქების შედეგად დაჭრილია უკრაინის ეროვნული გვარდიის ოთხი წევრი


უკრაინის ეროვნული გვარდია აცხადებს, რომ მისმა ოთხმა წევრმა „სიცოცხლისთვის სახიფათო“ ჭრილობები მიიღო ინციდენტით, რომელსაც ერთ-ერთმა დეპუტატმა უწოდა ყუმბარის აფეთქება. ინციდენტი მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს, პარლამენტის შენობასთან. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ შეტაკებების შედეგად დაშავდა 90-ზე მეტი პოლიციელი. ერთ-ერთმა აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა. კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ დაღუპულია ეროვნული გვარდიის „რამდენიმე“ წევრი, თუმცა რიცხვს არ აკონკრეტებს. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ სამართალდამცავი სტრუქტურები. BBC-ს კორესპონდენტი იუწყება, რომ სამი აფეთქების ხმას მოჰყვა კიდევ უფრო ხმამაღალი აფეთქება. კიევის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ხელყუმბარის სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი. შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს კიდევ 30 დემონსტრანტი. მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენეს ხელკეტები და პილპილის სპრეი. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც მეტ ავტონომიას ანიჭებს ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს. პირველ მოსმენაზე კანონპროექტი მიიღეს, მას რეგისტრირებული 368 პარლამენტარიდან 265 მიემხრო. კანონპროექტი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარმოადგინა იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია თებერვალში მინსკში მიღწეულ საზავო შეთანხმებაში. უკრაინის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი შეიცავს პუნქტს, რომელიც ამბობს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეულ ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებას მოაწესრიგებს საგანგებო კანონი. საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მისაღებად, სულ მცირე, 300 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

XS
SM
MD
LG