Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ზოგადად შეთანხმდნენ ლტოლვილთა განთავსების პროგრამაზე


14 სექტემბერს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს ზოგად, „პრინციპულ“ შეთანხმებას პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს 120 ათასი ლტოლვილის განთავსებას ევროკავშირში - ლტოლვილებისა, რომლებიც ელიან თავშესაფარს საბერძნეთში, იტალიასა და უნგრეთში. თუმცა, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ სავალდებულო კვოტების დაწესების გეგმაზე. ამის წინააღმდეგი არიან ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, უნგრეთი და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნები, რომლებიც თვლიან, რომ ლტოლვილების მიღება უნდა იყოს ნებაყოფლობითი. „ვთვლით, რომ კვოტების დაწესება რა არის გამოსავალი“, განაცხადა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კალინაკმა. მანვე მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს შეკრებისა და კვოტების საკითხის გადაჭრისკენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევა კოპაჩმა განაცხადა - „მივიღებთ იმდენ ლტოლვილს, რამდენის მიღებასაც შევძლებთ“-ო. ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე „ძალიან ცხარე დებატები“ გაიმართა. „კომისია მზად არის მოქმედებისთვის. მომდევნო დღეებში საჭირო იქნება ევროკავშირის საბჭოს კიდევ ერთი სხდომის ჩატარება“. სავალდებულო კვოტების დაწესება შესაძლებელია კვალიფიციური უმრავლესობითაც, თუმცა, ევროკავშირი ცდილობს თავი აარიდოს არაერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღებას. ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა, რომ ლტოლვილების არსებული „რაოდენობა არის ბევრად მცირე“ და ხაზი გაუსვა ზამთრის მოახლოებასთან ერთად ლტოლვილთა ნაკადის გაზრდის საფრთხეს.

XS
SM
MD
LG