Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის იეზიდებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარუდგინეს "ისლამური სახელმწიფოს" სისასტიკის ამსახველი ანგარიში


ერაყის იეზიდებმა 24 სექტემბერს მოუწოდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოიძიოს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩადენილი დანაშაულები - გენოციდი და სექსუალური მონობა. იეზიდების ორმა ჯგუფმა, ერაყის ქურთების რეგიონული მთავრობის მხარდაჭერით, ჰააგის "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს"(ICC) წარუდგინეს ანგარიში, რომელშიც დოკუმენტურად არის გამყარებული სარჩელი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ანგარიშში ნათქვამია, რომ „ისლამური სახელმწიფო“ „სისტემატურად ჩადიოდა სისასტიკეს, რომელიც გენოციდის ტოლფასია და ეს დანაშაულები ხდებოდა "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს" იურისდიქციის ფარგლებში“, - განაცხადა იეზიდების უფლებადამცველი ორგანიზაცია „იაზდას“ წარმომადგენელმა მურად ისმაელმა. ბრალდებებს შორის არის 700-ზე მეტი იეზიდი მამაკაცის გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯა, ავადმყოფებისა და მოხუცების დახოცვა, ათასობით ქალის გაუპატიურება და მონობა, მათი შვილების მოტაცება. მათ აიძულებენ მიიღონ ისლამი და იომონ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში.“ისლამურმა სახელმწიფომ“ ღიად განაცხადა, რომ სურს აღმოფხვრას იეზიდების რელიგია, რომელსაც ის ურჯულოებად თვლის. მიმდინარე წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ჩაიდინა „ენითაუწერელი სისასტიკე“, მათ შორის - სიკვდილით მასობრივად დასჯა, გაუპატიურება და წამება. თუმცა, ნებსუდას განცხადებით, მას არ შეუძლია ამ დანაშაულების გამოძიება, რადგან არც ერაყი და არც სირია არ არიან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი რომის სტატუტის წევრები. იეზიდების მიერ მომზადებულ დოკუმენტში კი დასახელებულია „ისლამური სახელმწიფოს“ 20 უცხოელი მეომარი, რომელიც წარმოადგენს რომის სტატუტის ხელმომწერ ამა თუ იმ ქვეყანას. ანგარიშის თანახმად, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ხუთიდან შვიდი ათასამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე იბრძვის. უცხოელი დაქირავებული მებრძოლები „“ისლამური სახელმწიფოს“ მნიშვნელოვანი ნაწილია“, განაცხადა ისმაელმა. „ისინი პასუხისმგებელი არიან მედიის მუშაობაზე, დაფინანსებაზე, წვრთნაზე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა ამოცნობაც ჩვენ შევძელით, პასუხისმგებელი არიან იეზიდი ქალებითა და გოგონებით სექს-ვაჭრობაზე. მსხვერპლს შორის ზოგიერთი 6 წლისაც არის“. 2014 წლის აგვისტოში "ისლამური სახელმწიფოს" მეომრები მოულოდნელად შეიჭრნენ ერაყის ჩრდილოეთში, რომელსაც ქურთები აკონტროლებდნენ და ერაყის იეზიდებისა და სხვა უმცირესობების საცხოვრებელს წარმოადგენდა.

XS
SM
MD
LG