Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ზამთარში გაზის მიწოდების აღდგენაზე


რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის გაზის მიწოდების აღდგენას ზამთრის პერიოდში, იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელსაც 25 სექტემბერს, გვიან საღამოს მიაღწიეს ევროკავშირთან ერთად გამართულ მოლაპარაკებაში - რითიც დასრულდა რამდენიმე თვის განმავლობაში არსებული გაურკვევლობა და რთული მოლაპარაკების პროცესი. ენერგეტიკის საკითხებში ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაროშ შეფჩოვიჩმა ამ შეთანხმებას უწოდა „დიდი მიღწევა“ და „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას გაზი მიეწოდოს ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში და ევროპისთვის მიწოდებაც „სანდო“ პროცესი იყოს. უკრაინას და ევროკავშირს შეუძლიათ „უსაფრთხოდ გაატარონ ზამთარიო“, განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა და დასძინა, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ პრობლემები არ გაჩნდესო. რუსეთის და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრებთან მოლაპარაკება ბრიუსელში გაიმართა და თითქმის ექვს საათს გაგრძელდა. შეფჩოვიჩის თქმით, „შეთანხმდა ყველა ტექნიკური დეტალი“ და განისაზღვრა ხელშეკრულების ჩარჩო - მაგრამ საბოლოო დასტური და შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერა სხვა პროცედურის ფარგლებში გაიმართება. ნოვაკის თქმით, მოსკოვის წინადადება ითვალისწინებს „20-მდე ამერიკული დოლარის“ ჩამოჭრას ათას კუბურ მეტრზე, რისი ფასიც მანამდე 252 დოლარად იყო განსაზღვრული.

XS
SM
MD
LG