Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერების შესწავლას მოითხოვს


საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურას მოუწოდა, შეისწავლოს უკრაინული ინტერნეტგამოცემების მიერ ბოლო ხანს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერების და მათი გავრცელების საკითხი. „მიუხედავად იმისა, რომ აუდიოჩანაწერები ინტერნეტსივრცეში განთავსდა უკრაინული ბლოგებიდან,არ შეიძლება უგულვებელყოფილი იყოს საზოგადოების მაღალი ინტერესი, საქართველოს სამართალდამცავ უწყებათა მიერ ჩანაწერების მოპოვების კანონიერების დადგენისა და მათ მიერვე შესაძლო გასაჯაროების ეჭვების გამოსარიცხად“ - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ დრომდე გაურკვეველია, წარმოადგენს თუ არა გავრცელებული ჩანაწერები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას. „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სახელმწიფო რესურსებს იყენებდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ადამიანის პირად სივრცეში სახელმწიფოს შეჭრის პროცესი კი მთლიანად უნდა ექცეოდეს კანონით დადგენილ ჩარჩოებში, რომლის ერთ-ერთ ფორმას მსგავს ჩარევაზე სასამართლო ხელისუფლების კონტროლის მექანიზმი წარმოადგენს“ - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში. სახალხო დამცველს არასაკმარისად მიაჩნია ის, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარული ჩანაწერების წარმომავლობის და გავრცელების გამოკვლევა დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მოწყობის მუხლით. „იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე უცნობია ახორციელებდა თუ არა რაიმე სახის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება გავრცელებული აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერებისა და გასაჯაროების ფაქტის გამოსაკვლევად. სხვა მხრივ ვერ იქნება უზრუნველყოფილი გარეშე დამკვირვებლის ნდობა ჩატარებული გამოძიების მიმართ” - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG