Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი გულმოსულია იმით, რომ არ მიუღია სრული ინფორმაცია ავიაკატასტროფის შესახებ


მოსკოვი მძაფრი კრიტიკით გამოეხმაურა ამერიკელი და ბრიტანელი ოფიციალური პირების განცხადებებს, რომ, სავარაუდოდ, ბომბის აფეთქებამ გამოიწვია ეგვიპტეში რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფა. 31 ოქტომბერს ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 224 ადამიანი. ამ კომპანიის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც ეგვიპტისა და რუსეთის ლიდერებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ჯერ ნაადრევად მიაჩნიათ იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა. მაგრამ აშშ-სა და ბრიტანეში უშიშროების სამსახურებთან დაკავშირებულმა წყაროებმა უკვე მიანიშნეს, რომ მათი ანალიზის საფუძველზე როგორც ირკვევა, კატასტროფა, სავარაუდოდ, ბომბმა გამოიწვია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 5 ნოემბერს დაურეკა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს და აღნიშნა, რომ "სასიცოცხლო მნიშვნელობა" აქვს ავიაკატასტროფის შესახებ ოფიციალური გამოძიების ინფორმაციაზე დაყრდნობას. როგორც 5 ნოემბერს განაცხადა საგარეო უწყების პრეს-მდივანმა მარია ზახაროვამ, „შოკის მომგვრელია იმის გაცნობიერება, რომ ბრიტანეთის მთავრობას ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც შეეძლო სინათლის მოფენა მომხდარისთვის (...) და ის არავის მიუწოდებია რუსეთისათვის“. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 5 ნოემბერს უთხრა ჟურნალისტებს, რომ მოსკოვი „ვერ გამორიცხავს ვერც ერთ თეორიას“ კატასტროფის შესახებ, მაგრამ ამჟამად „სპეკულაცია“ იქნებოდა რომელიმე ვერსიის არჩევა.

XS
SM
MD
LG