Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანს საუკუნის შემდეგაც ექნება საკმარისი გაზი


აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, მის ქვეყანას გაზის დიდი რეზერვები აქვს. როგორც თბილისიდან იუწყებიან, ალიევმა ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე: "საუკუნის შემდეგაც შევძლებთ არა მხოლოდ საკუთარი თავი დავიკმაყოფილოთ, არამედ დავაკმაყოფილოთ მეზობლებიც და ევროპაც”. ალიევის ამ განცხადების ფონს ქმნის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მიერ ბოლოხანს გამოთქმული შეფასება, რომ აზერბაიჯანს არ გააჩნია საქართველოსთვის გაზის დამატებითი მოცულობის მოწოდების შესაძლებლობა და დიდწილად სწორედ ეს განაპირობებს საქართველოს მოლაპარაკებას რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“. ალიევმა 5 ნოემბერს თბილისში აღნიშნა ასევე, რომ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას განიხილეს ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მიუხედავად, საქართველო სატრანტიზო ფუნქციის ერთგული რჩება. საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი პარასკევსაც გაგრძელდება. ალიევი ეწვევა მარნეულის რეგიონს, შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

XS
SM
MD
LG