Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილებას ითხოვს


საქართველოს პარლამენტმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, მოსარჩელე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2-ის" მიერ შეტანილი სარჩელების თაობაზე მიმდინარე დავის ფარგლებში, ამ კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებასთან დაკავშირებით. პარლამენტი განმარტავს, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობაში. „ამის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ მათ აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა მოსარჩელე მხარის – შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის" ამჟამად დროებით უფლებამოსილება შეჩერებულ გენერალურ დირექტორთან ბატონ ნიკა გვარამიასთან. მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ქალბატონი ანა ჟვანია ბატონი ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო ქალბატონი მაია კოპალეიშვილი ბატონი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით დაუყოვნებელი აღსრულების ნორმა შეაჩერა. ამის შემდეგ, სქართველოს საკანონმდებლო ორგანოს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ "ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" სარჩელის მიღების, დარეგისტრირების და შემდგომი მსვლელობის პროცესი შეგნებულად და წინასწარგამიზნულად იყო გაუმჭვირვალე, რათა სასამართლოს სწორედ 2 ნოემბერს მიეღო "რუსთავი 2-ის" ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება".

XS
SM
MD
LG