Accessibility links

ახალი ამბები

კოსოვო ვერ გახდა იუნესკოს წევრი

კოსოვოს სამი ქვეყნის მხარდაჭერა დააკლდა, იუნესკოს წევრი რომ გამხდარიყო. საჭირო 95 ხმიდან მან მხოლოდ 92 მიიღო. კენჭისყრამდე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კოსოვოს წევრობა იუნესკოსთვის მის პოლიტიზებას ნიშნავს. კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში გამოაცხადა. მისი სუვერენიტეტი აღიარა 110-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის აშშ-მა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა. იუნესკოს გენერალური კონფერენცია, 9 ოქტომბერს, პარიზში შედგა.

ყველა ახალი ამბავი

ევროკავშირში დაიწყო ევროპის ახალი პროკურორის შერჩევის პროცესი

ევროკავშირში მიმდინარეობს კონკურსი სამომავლო პოზიციის, ფინანსური დანაშაულებების სახალხო პროკურორის თანამდებობის დასაკავებლად. როგორც იტყობინებიან, 20 თებერვალს საიდუმლო კენჭისყრაში, რომელიც ევროკავშირის 22 ქვეყნის ელჩებმა გამართეს, გაიმარჯვა ფრანგმა კანდიდატმა ჟან-ფრანსუა ბონერმა, მეორე ადგილზე გავიდა რუმინელი ლაურა კოვეში და მესამეზე - გერმანელი ანდრეს რიტერი. ა

მ კენჭისყრით დაიწყო შერჩევის რთული პროცესი. კანდიდატები შეარჩიეს 14 თებერვალს დაწყებული თავდაპირველი რეკომენდაციების საფუძველზე.

თავიდან ამ პროცესში კოვეში ლიდერობდა. კოვეშს რუმინეთში ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა და გასულ წელს გათავისუფლებულ იქნა ამ თანამდებობიდან. ევროკავშირში კოვეშს ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებებისთვის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანაში.

20 თებერვლის კენჭისყრას შეიძლება მოჰყვეს სხვა კენჭისყრები, სანამ ევროკავშირის კომიტეტებში დაიწყება მოლაპარაკებები, რაც ევროპარლამენტში საბოლოო კენჭისყრით დაგვირგვინდება.

ანრი ოხანაშვილი: გვაქვს ჩვენი იმის ლეგიტიმური უფლება, რომ უსამართლო კანონი მივიღოთ?

„თუკი ჩვენ აღნიშნულ კანონპროექტს მივიღებთ, საფრთხე შეექმნება სამართლიანი სასამართლოს განხორციელების უფლებას და ისედაც გადატვირთულ სასამართლო სისტემას კოლაფსის წინაშე დავაყენებთ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას კანონპროექტს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ პლენარულ სხდომაზე:

„საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, 63-ე მუხლის მეექვსე პუნქტში, ერთმნიშვნელოვნად ჩაიწერა, რომ მოსამართლეები განწესდებიან უვადოდ. ეს ჩანაწერი ეფუძნება ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ვენეციის კომისია მიესალმა იმას, რომ მოსამართლე უნდა განწესდეს უვადოდ, რაც არის მისი დამოუკიდებლობის გარანტი და ვერავინ მოახდენს მასზე ზეგავლენას. შესაბამისად, კონსტიტუცია ადგენს, რომ მოსამართლეები თანამდებობაზე განწესდებიან უვადოდ.

გვაქვს ჩვენი იმის ლეგიტიმური უფლება, რომ უსამართლო კანონი მივიღოთ? კანონი, რომელიც უსამართლოდ დაარეგულირებს საკითხებს და არათანაბარ პირობებში ჩააყენებს იმ პირებს, ვისაც კონსტიტუციამ მიანიჭა უფლება განწესდნენ უვადოდ“.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე 21 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს.

კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

ხუხაშვილი ანაკლიის პორტზე: მეწყვილის პორნოვარსკვლავობის ამბავმა შესაძლოა ქორწილი გადადოს

TBC ბანკთან დაკავშირებულმა პროცესები დიდი ალბათობით დააფრთხობს ინვესტორებს, რაც პრობლემებს შეუქმნის ანაკლიის პორტის დაფინანსებას.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლამ უშუალოდ „TBC ბანკს“ მოუხსნა რეპუტაციული რისკი. თუმცა ინვესტორები მთელ კონტექსტს მაინც გაითვალისწინებენ.

„მეწყვილის პორნოვარსკვლავობის შესახებ ქორწილის წინა დღეს რომ შეიტყოს კაცმა ან ქალმა, ეს მას მინიმუმ ქორწილის თარიღის გადადებისკენ ხომ უბიძგებს?! დაფიქრება მაინც ხომ დასჭირდება ადამიანს?!

დაახლოებით ამ ტიპის რისკი გაჩნდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ანაკლიის პორტის დაფინანსებასთან დაკავშირებით. უკვე დაკრედიტებული რომ იყოს ანაკლიის პორტის საინვესტიციო პაკეტი, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა შედარებით მშვიდად ვყოფილიყავით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აშენებს. კონსორციუმში შედიან: TBC Holding-ი (საქართველო), Conti International-ი (აშშ), SSA Marine-ი (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd-ი (ბულგარეთი).

ეკა ბესელია: არ მახსენდება მოსამართლეები ასე აქტიურად ჩართულიყნენ პოლიტიკურ პროცესებში

მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ კანონპროექტის წარდგენისას დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ახსენდება მოსამართლეები ყოფილიყვნენ ისე აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პროცესში, როგორც ეს ახლა ხდება.

„არასოდეს არ გვახსოვს ჩვენ მოსამართლეები, რომლებიც არღვევდნენ სამოსამართლეო ეთიკას ღიად, პოლიტიკოსებთან ერთად შესულიყვნენ დებატებში და უმრავლესობის შიგნით, როგორ გადაადგილებები ხდება და ვის რა ოთახს ურემონტებენ და რატომ ურემონტებენ კაბინეტებს, ამას იხილავდნენ პირდაპირ ეთერებში. მაგრამ მე არ მომისმენია, რომ ეს მიუღებელია. მოვისმინე კომენტარები, რომ იქნებ ამ მოსამართლეების მიმართ ფრთხილად ვილაპარაკოთ. კი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ყველაზე მაგრამ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ მოსამართლეების ხელში ხვდებიან“, -განაცხადა ეკა ბესელია.

პოროშენკო გაეროს მოუწოდებს აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო მისიის განთავსებისაკენ

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო (მარცხნივ) და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გაეროს გენერალურ მდივანს მოუწოდებს, განიხილოს აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო მისიის განთავსების საკითხი. პრეზიდენტის აზრით, ასეთი მისია შესაძლოა „გადამწყვეტი ფაქტორი“ გახდეს კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად. ამ განცხადებით უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოვიდა 20 თებერვალს. მისი თქმით, უკრაინა მზად არის განიხილოს აღმოსავლეთ უკრაინაში გაეროს მანდატით მოქმედი სამშვიდობო ძალების გაგზავნის საკითხი, რათა „ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიას“. რუსეთმა 2014 წელს უკანონოდ მიითვისა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული. ის ეხმარება აღმოსავლეთ უკრაინელ სეპარატისტებს, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს აკონტროლებენ. აღმოსავლეთ უკრაინაში ხუთწლიანი კონფლიქტის განმავლობაში 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ჩრდილოეთ მაკედონიაში დააკავეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ორი ყოფილი მინისტრი

ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ტრაიკო ველიანოვსკი, რომელიც ორ ყოფილ მინისტრთან ერთად დააკავეს "ტერორისტულ შეთქმულებასთან" კავშირის ბრალდებით

ჩრდილოეთ მაკედონიის პოლიციამ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და წინა მთავრობის ორი წევრი დააკავა 2017 წელს პარლამენტში შეჭრასთან კავშირში ბრალდებით.

პროკურატურის 20 თებერვლის განცხადებით, პარლამენტში შეჭრასთან სავარაუდო კავშირი უნდა შეფასდეს, როგორც „ტერორისტული შეთქმულება კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის ძირის გამოსათხრელად“.

დაპატიმრებულ იქნენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ტრაიკო ველიანოვსკი და განათლებისა და ტრანსპორტის ყოფილი მინისტრები სპირო რისტოვსკი და მილე იანაკიესკი. ბრალდების თანახმად, მათ ხელი შეუწყვეს პარლამენტის დარბაზში ყოფილი ნაციონალისტური მთავრობის მომხრეთა შეჭრის ორგანიზებას.

ველიანოვსკი ახლაც პარლამენტის წევრია და იმუნიტეტით სარგებლობს, რის გამოც დაკავებიდან რამდენიმე საათში გაუშვეს. ის უარყოფს ბრალდებას.

პარლამენტში 2017 წლის 27 აპრილს შეიჭრნენ ნიღბიანი პირები. დაშავდა ათობით ჟურნალისტი და კანონმდებელი, მათ შორის ოპოზიციონერი სოციალ-დემოკრატების ლიდერი, ზორან ზაევი, რომელიც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი გახდა.

პროკურატურის ვერსიით, ველიანოვსკიმ, რისტოვსკიმ და იანაკიესკიმ 2017 წლის დასაწყისში მოამზადეს და განახორციელეს გეგმა, რათა არ დაეშვათ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა.

ვოლსკიმ გოცირიძე დაადანაშაულა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში

გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ვოლსკიმ კომპეტენტური ადამიანის არაკომპეტენტური გამოსვლა უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ფარქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას, რომელიც ეხებოდა ეროვნულ ბანკთან „თიბისი ბანკის“ სამართლებრივი დავის შეწყვეტას.

ვოლსკის შეფასებით, გოცირიძის მიზანი იყო საზოგადოების შეცდომაში განზრახ შეყვანა.

„თურმე აქციონერთა საბჭოს შეეშინდა და საქართველოს სასამართლოდან გამოიტანა საჩივარი არა იმიტომ რომ ხედავს, რაღაც არ არის წესრიგში, არამედ იმიტომ რომ შუშის სასახლეშია საქმე. ძალიან გთხოვთ, დაანებეთ ამას თავი. ქურდული გარჩევაც თქვენ მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავს გასულობაც“ - ასე მიმართა ბიუროს სხდომაზე გიორგი ვოლსკიმ რომან გოცირიძეს.

ვოლსკის ეს რეაქცია მოჰყვა გოცირიძის განცხადებას, რომ „თიბისი ბანკის“ აქციონერებმა ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავა შეწყვიტეს, რადგან იციან, რომ ქართულ სასამართლოში განხილვას აზრი არ აქვს და სასამართლო შედგა ივანიშვილის შუშის სასახლეში ქურდული გარჩევის დროს.

TBC ბანკის აქციების ფასი გაიზარდა ლონდონის ბირჟაზე

21 თებერვალს თი-ბი-სი ბანკის აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებიდან 12 წუთში 1.8%-ით გაიზარდა.

თი-ბი-სი ბანკის აქციების ფასი ვარდნას განაგრძობდა 14 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე და ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2 თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის.

გოცირიძე: ივანიშვილმა ხაზარაძე ქურდული გარჩევით დაამარცხა

რომან გოცირიძე

საპარლამენტო ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ საქართველოს ეროვნულ ბანკს უწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვესტრუქტურა.

რომან გოცირიძის შეფასებით, „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს აღარ აქვს ნდობის ვოტუმი საქმიანობის გასაგრძელებლად.

გოცირიძე მიჩნევს, რომ„თიბისი ბანკის“ აქციონერების მიერ ლონდონში მიღებული გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის შესახებ, ვერდიქტია ქართული სასამართლოსთვის, რადგან მათ ჩათვალეს, რომ არავითარი აზრი არ აქვს სასამართლოში განხილვას.

„სასამართლო „თიბისისთან“ დაკავშირებით შედგა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში, იმ ქურდული გარჩევის დროს მან 100:0 დაამარცხა მამუკა ხაზარაძე“ - განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

.

გიდებმა ქუთაისში გამართეს აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ

„ეს საქართველოა! უარი ვუთხრათ სეპარატისტულ ტუროპერატორებს“ - ამ მოწოდებით თეთრ ხიდზე გამართული აქციით ქუთაისელი გიდები შეუერთდნენ საქართველოს სხვა ქალაქებში დაგეგმილ ანალოგიურ აქციებს.

გიდები აპროტესტებენ უცხო ქვეყნების ტუროპერატორების მიერ ონლაინ სივრცეში საქართველოს რუკის გამოყენებას აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე.

ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოს სამენოვანი - ქართულ, ინგლისურ და რუსულენოვანი ტურისტული რუკები. მათზე აფხაზეთი და სამაჩაბლო ჯაჭვებითაა შემოსაზღვრული და აწერია, რომ ეს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ქართველი გიდები ამ აქციით აღნიშნავენ გიდების საერთაშორისო დღეს.

"პატრიოტთა ალიანსმა" შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვოს

ირმა ინაშვილი

საპარლამენტო პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს მის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად მართავს სულ ხუთი კაცი, რომლებსაც არავის აზრი და განსხვავებული ინიციატივა არ აინტერესებთ.

"საქართველოს პარლამენტის მენეჯმენტი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ძალიან დაემსგავსა მოსამართლეების, იგივე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სტილს“ - უთხრა ჟურნალისტებს ირმა ინაშვილმა. მისი თქმით, პარლამენტში არ არსებობს არანაირი თანამშრომლობა, რაც ძალიან მანკიერი პრაქტიკაა.

„ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ შეიცვალოს პარლამენტის მენეჯმენტი და სულაც არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

Freedom House - ივანიშვილი ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას გადაწყვეტილებების მიღების საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე

Freedom House-მა ანგარიშის - „მსოფლიოში თავისუფლება - 2019“-ის ფარგლებში გამოაქვეყნა ცალკეულ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დეტალური მიმოხილვა. საქართველოს ნაწილის შესავალში წერია:

„საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენულ არჩევნებს და მისმა დემოკრატიულმა ტრაექტორიამ აჩვენა გაუმჯობესების ნიშნები 2012-2013 წლებში, მთავრობაში ცვლილებების პერიოდში. თუმცა, ბოლო წლებში პროგრესი სტაგნაციას განიცდის. ოლიგარქიულ მოთამაშეებს აქვთ უზომო ზეგავლენა პოლიტიკასა და პოლიტიკურ არჩევანზე, კანონის უზენაესობას ხელი ეშლება პოლიტიკური ინტერესების გამო“.

ანგარიშის ნაწილში, რომელშიც ფასდება მთავრობის ფუნქციონირება, წაიკითხავთ:

„არჩეული თანამდებობის პირების უნარს განსაზღვრონ და განახორციელონ მთავრობის პოლიტიკა ასუსტებს ივანიშვილის არაფორმალური როლი. ის არ ფლობს რაიმე საჯარო თანამდებობას, მაგრამ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას გადაწყვეტილებების მიღების საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე. მისი დე ფაქტო ძალაუფლება წარმოჩინდა 2018 წლის ივნისში, როცა პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გადადგა ეკონომიკური პოლიტიკის საკითხში ივანიშვილთან უთანხმოებების გამო.

ივანიშვილის პოლიტიკური ზეგავლენა თვალსაჩინოა აგრეთვე მის ფინანსურ და ბიზნესინტერესებთან კავშირში, კერძოდ, მრავალმილიარდდოლარიანი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ კონტექსტში, რომელიც შეიქმნა 2013 წელს და აქტიურია თბილისში უძრავი ქონების განვითარების პროექტებში. 2017 წელს ანალიტიკოსებმა გამოთქვეს ეჭვები, რომ განვითარების მსხვილი პროექტი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი ეწინააღმდეგებოდა, ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობდა, დიდწილად ივანიშვილის პოლიტიკური კავშირების გამო“.

საქართველოს ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკის" კონკრეტულ საკითხს ამოწურულად აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება „თიბისი ბანკის“გადაწყვეტილებას სამართლებრივი დავის შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ ეს „დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან, რაც საბოლოო ჯამში, პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც ბანკის, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე.“

ეროვნული ბანკის განცხადება მის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა „თიბისი ბანკის“ განცხადებასთან ერთად.

ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკს“ უწოდებს ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვან ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის აღმასრულებელი მენეჯმენტით და სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრებით.

ეროვნული ბანკის განცხადებითვე, „თიბისი ბანკი“ ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს.

ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მისი საზედამხედველო ყურადღების საგანი იყო ინტერესთა კონფლიქტის რისკები და ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ უფლებამოსილების ფარგლებში აგრძელებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს.

„ამით ორივე მხრიდან ეს კონკრეტული საკითხი ამოწურულია. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნულ თემებზე სპეკულაციებისგან” - ნათქვამია განცხადებაში.

„თიბისი ბანკი“ დღეს დათანხმდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შეცვლის და მილიონი ლარის ჯარიმის გადახდის შესახებ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ ხელმოწერის უფლება შეუჩერა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს და ბანკის აქციონერთა კრებას მისცა 2 თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის.

ეროვნულმა ბანკმა ამ გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. მანამდე ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკი" მილიონი ლარით დააჯარიმა. ორივე გადაწყვეტილება სასამართლოში იყო გასაჩივრებული.

10 წლისწინანდელ ტრანზაქციებს იძიებს პროკურატურა, რომელიც ხაზარაძის და ჯაფარიძის მონაწილეობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნიშნებს ხედავს. ორივე მათგანი ამას კატეგორიულად უარყოფს.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "თიბისი ბანკიდან" წასვლა გადაწყვიტა.

"თიბისი ბანკი" ეროვნული ბანკის მოთხოვნებს დათანხმდა

„თიბისი ბანკი“ დათანხმდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გაწვევის შესახებ.

„გამომდინარე იქიდან, რომ თიბისი ბანკი ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილითიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100% იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავჯდომარის და მოადგილის პოზიციებს“ - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, „თიბისი ბანკი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ჯარიმის სახით დაკისრებულ ერთ მილიონ ლარს.

„ამასთან, თიბისი ბანკი, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს მუშაობას კორპორაციული მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. თიბისი ბანკის კორპორაციული მართვის თემაზე მესამე პირების მხრიდან კითხვების გამორიცხვის მიზნით, თიბისი PLC ჯგუფი მოახდენს ინტერესთა კონფლიქტის ტრანზაქციების, პროცედურების და მართვის პრაქტიკის შესწავლას საერთაშორისო რეპუტაციული კომპანიის მიერ“ - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ ხელმოწერის უფლება შეუჩერა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს და ბანკის აქციონერთა კრებას მისცა 2 თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის.

ეროვნულმა ბანკმა ამ გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. მანამდე ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკი" მილიონი ლარით დააჯარიმა. ორივე გადაწყვეტილება სასამართლოში იყო გასაჩივრებული.

10 წლისწინანდელ ტრანზაქციებს იძიებს პროკურატურა, რომელიც ხაზარაძის და ჯაფარიძის მონაწილეობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნიშნებს ხედავს. ორივე მათგანი ამას კატეგორიულად უარყოფს.

მალხაზ მაჩალიკაშვილს „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი არ გასცა

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „ქართული ოცნების“ გარდა თანხმობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ განაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიაწოდა საზოგადოებას.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მმართველი პარტია თავს იკავებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისგან, რადგან მათ „ზემოდან აქვთ მითითება“.

„10 სამუშაო დღე გავიდა მას შემდეგ რაც კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტის ყველა დეპუტატს წერილით მივმართე. ათი დღის შემდეგ მივიღე პასუხი, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის მზაობა გამოთქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ „ევროპულმა საქართველომ“ „პატრიოტთა ალიანსმა“ და მამუკა ჩიქოვანმა. მმართველი პარტია დუმს. როგორც ჩანს, ზემოდან ელოდებიან მითითებას. მივმართავ დეპუტატებს, გამოიჩინონ გულისხმიერება და შეიქმნას საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტიც, სასამართლოც და მთლიანად ხელისუფლება ებრძვის მას.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტში განცხადებები შეიტანა 150-ივე დეპუტატის სახელზე. მალხაზ მაჩალიკაშვილს აინტერესებდა პარლამენტის წევრების პოზიცია, ემხრობიან თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.

ქართველი მოჭიდავეები პატრიარქმა დალოცა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა პატრიარქმა დალოცა. მოჭიდავეები საპატრიარქოში 20 თებერვალს, საღამოს მივიდნენ. მათ შორის არ ყოფილა ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც უკვე თვეზე მეტია, ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დათუნაშვილსა და გეგეშიძეს შორის 11 იანვარს მომხდარი კონფლიქტი სპორტსმენების საპატრიარქოში სტუმრობის მიზეზი არ ყოფილა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 21 თებერვალს, გამთენიას უნგრეთიის გრან პრიზე გაემგზავრა და პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის წინ სპორტსმენები პატრიარქმა დალოცა.

ხაზარაძე: იმედია დამცალდება ანაკლიის პროექტის ბოლომდე მიყვანა

მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქმიანობის გაგრძელებას ანაკლიის პროექტში აპირებს.

„მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“ - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის მიერ ფეისბუქით გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც მან საზოგადოებას, „თიბისელებს“ და მათ გულშემატკივრებს აცნობა გადაწყვეტილება ბანკიდან წასვლის შესახებ.

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა საქართველოს ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტა ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე. „შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად“ - წერს მამუკა ხაზარაძე.

"თიბისის" დამფუძნებელი ვრცელ განცხადებაში საუბრობს ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ შეტევასა და პირადად მისი დისკრედიტაციის მცდელობაზე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე და ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2 თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის.

ეროვნულმა ბანკმა ამ გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ამ ტრანზაქციებს იძიებს პროკურატურა, რომელიც ხაზარაძის და ჯაფარიძის მონაწილეობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნიშნებს ხედავს.

მას შემდეგ, რაც იანვრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა 10 წლისწინანდელ ტრანზაქციას იძიებს, „თიბისიმ“ განცხადება გაავრცელა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ქართულენოვან განცხადებაში „თიბისი ბანკი“ საუბრობდა დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელოაბზე და აღნიშნავდა, რომ საქმე ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისფულების დროს, არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებულია.


ინგლისურენოვან ვარიანტში „თიბისი“ იუწყებოდა, რომ ეროვნულმა ბანკმა 2007 და 2008 წლების ზოგიერთი ფინანსური ოპერაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ ოპერაციის მონაწილე ზოგიერთ იურიდიულ პირს კავშირი ჰქონდა „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელებთან და შესაბამისად დაირღვა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ამავე განცხადების მიხედვით, ეს ფინანსური ოპერაციები ეროვნულმა ბანკმა 2008 წელსაც შეამოწმა და მაშინ რაიმე სანქციები არ გამოუყენებია, ახლა კი „თიბისი ბანკი“ მილიონი ლარით დააჯარიმა, რაც ბანკმა სასამართლოში გაასაჩივრა.

„თიბისი ბანკმს“ სასამართლოში გაასაჩივრა ეროვნული ბანკის მიერ 14 თებერვალს გამოცხადებული გადაწყვეტილებაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე.

მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს, 21 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, ლონდონში სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტებმა ნახევარი გზა გაიარეს

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპის პირველი „რაუნდი“ ესპანეთსა და გერმანიაში გამართული თამაშებით დასრულდა. მადრიდში „ატლეტიკომ“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო. გელზენკირხენის „შალკე“ კი საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდა „მანჩესტერ სიტისთან“.

ორ მეოთხედფინალურ წყვილში პირველი შეხვედრები უგოლოდ დასრულდა. „ლივერპული“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუზავდა, „ლიონი“ - „ბარსელონას“.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლას შემორჩენილი რვა კლუბიდან ოთხი საუკეთესო 13-14 მარტს გამოვლინდება, მეოთხედფინალის საპასუხო თამაშების შემდეგ.

მამუკა ხაზარაძე TBC ბანკს ტოვებს

TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბანკის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახემ მამუკა ხაზარაძემ თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა.

"დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.

იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა",- წერს მამუკა ხაზარაძე.

თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე 19 თებერვალს მომხდარი მკვლელობა. ამასთან, მკვლელობაში მხილებული პირი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ და იძებნება.

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით დაკავებულია 5 პირი.

შსს-ს ცნობითვე, გამოძიებით დადგინდა, რომ 19 თებერვალს, თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ლ.ს-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობა მიაყენა ბ.ბ-ს, რის გამოც იქვე მყოფმა ა.ბ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო გასროლა განახორციელა კონფლიქტში მონაწილე პირების მიმართ და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ზ.ჯ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

დაჭრილი ბ.ბ.კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, ოპერატიული სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართადლმაცავებმა დააკავეს შემთხვევის ადგილიდან მიმალული პირები გარდა განზრახ მკვლელობაში მხილებული ა.ბ-სი, რომლის ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით ინტენსიურად მუშაობენ.

ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს მოსამართლე საპატიმროში განიხილავს

დღეს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართება 9 წლის გორელი გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ი.ნ-ს საქმის განხილვა.

საპატიმროში სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო სავარაუდოდ, ბრალდებულის უსაფრთხოების მიზნით.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება.

რამდენიმე დღის წინ დაზარალებული მხარის ადვოკატმა საჯარო გახადა ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის ბრალდებულის დნმ-ის აღმოჩენის შესახებ.

გამოძიების დეტალების და ბრალდებულის ფოტოსურათის გასაჯაროებას დაცვის მხარე აფასებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად.

9 წლის გოგონა გორში 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს მდინარე ლიახვის სანაპიროზე. მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა წარსულში ნასამართლევი, 33 წლის ი.ნ.

ბანგლადეშის დედაქალაქში ხანძარმა 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

სულ მცირე 69 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა ხანძრის შედეგად ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი 20 თებერვალს, ღამით გაჩნდა ქალაქის ძველ უბანში მდებარე ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე და მალევე მოედო მეზობლად მდებარე სამ საცხოვრებელ სახლს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი გაჩნდა ქიმიკატების საწყობში, საიდანაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაკის სახანძრო სამსახურის უფროსმა ალი აჰმედმა სააგენტო ფრანს პრესს უთხრა, რომ სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია საწყობში გაზის ბალონის აალებამ. მეხანძრეებმა დილისთვის მოახერხეს ცეცხლის კერების ლოკალიზება.

ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს ათეულშია

მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლიდან, ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა.

საუკეთესო ათეული 21 თებერვალს დასახელდა.

მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ყველაზე შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნაა, რომელთაგან გამარჯვებულიც ჯილდოდ მილიონ დოლარს მიიღებს.

მასწავლებელმა ათეულში მოხვედრა თავის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა.

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ლიდერებს ესაუბრა რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჟენევის საერთაშორისო ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ჩამოვიდა „ძალიან ტექნიკურ დონეზე“, რის გამოც „დადგა დრო“, რომ საქართველოს პარტნიორებმა გამოიყენონ თავიანთი ბერკეტები.

„გვინდა, ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად ჩაერთონ დიალოგში, რუსეთს და რაღაცნაირად გააგებინონ, რომ საჭიროა პოზიციები შეიცვალოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს გერმანიის ფედერაციის კანცლერთან, ანგელა მერკელთან გერმანიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

„გერმანია და საფრანგეთი არის ის ორი ქვეყანა, რომლებიც დღეს ევროპისა და ევროკავშირის ძრავას წარმოადგენენ და ჩვენ ეს ორი ქვეყანა გვყავს, როგორც ძალიან ძლიერი მეგობრები“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გერმანიამდე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

პარლამენტარი ბექა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს უმრავლესობის რიგების დატოვებას

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი, აცხადებს, რომ თუ ყველა მისი კოლეგა იზიარებს აკაკი ზოიძის მოსაზრებას, მაშინ მას უმრავლესობა დატოვებული აქვს.

„7 წელია, ხელისუფლება შეიცვალა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ძირეულად ვერაფერი შევცვალეთ, გარდა ჯანდაცვის რეფორმისა და ისიც საბოლოო ჯამში, ახლა მიზნობრივი გავხადეთ. საყოველთაო ხასიათი, რაც ჯანდაცვის რეფორმას ჰქონდა, ისიც დავუკარგეთ და საპენსიო რეფორმა იძლევა, უნიკალურ შანსს, რომ ის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანად გადავიაზროთ“, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას, რომელიც დაგროვებით საპენსიო რეფორმას ეხება,პარლამენტი 21 თებერვალს განიხილავს. როგორც გასულ დღეებში ნაცვლიშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ის "ქართულ ოცნებას" დატოვებს. როგორც ცნობილია ინიციატივას არ ექნება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა. სავარაუდოდ, მსგავს პოზიციაზეა მმართველი პარტიის დეპუტატთა უმეტესობაც.

მანამდე საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი საპენსიო რეფორმა იქნება ქვეყანაში, ვიდრე - დატოვებს თუ არა ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG