Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი ადასტურებს დავით ბორჩაშვილის სირიაში ყოფნას


ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილი არ უარყოფს სირიაში ყოფნის ფაქტს, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს "ისლამურ სახელმწიფოსთან" მის კავშირს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 29 წლის დავით ბორჩაშვილი, რომლის დეპორტაციაც თურქეთიდან განხორციელდა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორჩაშვილს ბრალად ედება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება.“ დავით ბორჩაშვილი არ უარყოფს სირიაში ყოფნას. ის დაჯგუფება, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, მართალია ებრძვის ასადის რეჟიმს, თუმცა ებრძვის "ისლამურ სახელმწიფოსაც". ეს ორგანიზაცია სირიის თავისუფალი არმიაა და ეს ორგანიზაცია დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოებისგან არის მხარდაჭერილი", - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა, რომლის სიტყვებიც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესსნიუს“ მოჰყავს. 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა აეროპორტებში, საზღვრებზე და „სტრატეგიული მნიშვნელობის“ ობიექტებზე. ათობით საქართველოს მოქალაქე, ძირითადად პანკისის ხეობიდან და აჭარიდან იბრძვის სირიასა და ერაყში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ და ალ ყაიდის დაჯგუფებებში. ამ მებრძოლებს შორისაა პანკისის მკვიდრი, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი მეთაური თარხან ბათირაშვილი, რომელიც ომარ ალ–შიშანის სახელითაა ცნობილი.

XS
SM
MD
LG