Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა საქართველოს და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების გიორგი კვირიკაშვილის და ედგარს რინკევიჩსის შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რინკევიჩსმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული თვალნათლივი პროგრესიდან გამომდინარე, ევროკომისია დადებითად გადაწყვეტს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს. „ჩემი ქვეყანა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა საქართველოს დაეხმაროს სავიზო ლიბერალიზაციის პროგრამის განხორციელებაში“, - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ედგარს რინკევიჩსის შეფასებით, პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების დასაყოვნებლად არანაირი მიზეზი არ არსებობს, რადგან საქართველომ დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ამიტომ ევროპამაც თავისი დანაპირები უნდა შეასრულოს. ედგარს რინკევიჩსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები უნდა განაგრძოს. „ყველას სურს საქართველოში ხედავდეს ძლიერ და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასა და მედიას, რაც უმნიშვნელოვანესია, როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ პროცესებზე, განსაკუთრებით მომავალი არჩევნების გათვალისწინებით“, - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, სწორედ მედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობაა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ხერხემალი. ედგარს რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს რეფორმები ეკონომიკის სფეროში და ასევე, სამართალდამცავ სისიტემაში, სადაც დადებითი შედეგი უკვე ჩანს პროკურატურის შესახებ ახალი კანონის სახით. ამავე პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ედგარს რინკევიჩს და ლატვიის სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილეს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალი, საქართველოს ევროპული დღის წესრიგის საკითხები და რეფორმები, რომლებსაც ქვეყანა ამ გზაზე ახორციელებს და ისაუბრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირისგან სავიზო ლიბერალიზაციას მიღება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებითვე, საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომავალ სამიტზე ნატომ ადეკვატურად შეაფასოს ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.

XS
SM
MD
LG