Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია


თბილისში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გაიმართა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა აქცია, რომლის მონაწილეებმაც გააპროტესტეს საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განზრახვა გახდეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით, "არა შემსრულებელ მოსამართლეებს” და "მართლმსაჯულება რუხი კარდინალის გარეშე." საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის, „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის შეფასებით, საზოგადოების სირცხვილია, რომ მოსამართლედ ხელახლა განმწესება სურს ადამიანს, რომელსაც ბევრი უკანონობა უკავშირდება. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, მათ შორისაა სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია. არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის შეფასებით, ლევან მურუსიძე მოსამართლეობის საუკეთესო კანდიდატი არ არის. “დღეს საზოგადოების ინტერესია, რომ მაქსიმალურად კარგად იმუშაოს სასამართლო სისტემამ და იქ მაქსიმალურად ღირსეული ადამიანები იყვნენ დასაქმებულნი" - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა გიგაურმა. თავად ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დღევანდელი გასაუბრების შემდეგ განაცხადა, რომ მოსამართლეობის პერიოდში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულიად სამართლიანია. “იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რაც არსებობდა თუნდაც გირგვლიანის საქმეზე, თუ ვინმე მეტყვის, რომ რაიმე სხვა, ალტერნატიული გადაწყვეტილება შეიძლება დამდგარიყო უზენაეს სასამართლოში, ამოვწურავ ჩემს ვადას და წავალ" - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან მურუსიძემ. მისივე შეფასებით, გასაუბრებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შეკითხვებს კვალიფიციური პასუხები გასცა და კონკრეტული საქმეებისადმი დამოკიდებულება აუხსნა. ლევან მურუსიძეს იმედი აქვს, რომ მის კანდიდატურას საბჭოს მოსამართლე წევრები მხარს დაუჭრენ, დანარჩენები კი გადაწყვეტილებას დღევანდელი გასაუბრების შემდეგ მიიღებენ. ჟურნალისტების შეკითხვას, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა კრიტიკული დამოკიდებულების შესახებ, ლევან მურუსიძემ უპასუხა, რომ ჯანსაღი კრიტიკა მისთვის მისაღებია, თუმცა "მიუღებელია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გამოხატავდეს, თუ ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ არა."

XS
SM
MD
LG