Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა ჯარისკაცები გააგზავნა ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში


ბრიტანეთმა სამხედრო მოსამსახურეები გააგზავნა ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ თალიბებმა იქ თითქმის მთლიანად დაიპყრეს სანგინის რაიონი. ჰელმანდის გუბერნატორის განცხადებით, ავღანეთის პოლიცია ცდილობს, მოიგერიოს თალიბი მებრძოლები, რომლებმაც სანგინში ალყა შემოარტყეს პოლიციის შტაბბინას და გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობას. ამავე წყაროს ცნობით, თალიბანი აკონტროლებს ქალაქ სანგინთან დამაკავშირებელ ყველა გზას. ბრიტანეთი აცხადებს, რომ სამხედრო მოსამსახურეების მცირე შენაერთი განათავსა ჰელმანდში საკონსულტაციო ფუნქციით. საინფორმაციო სააგენტო "რეიტერი" თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ ჯარისკაცები არ მიიღებენ ბრძოლაში მონაწილეობას. ბრიტანეთმა ავღანეთში შარშან დაასრულა საბრძოლო ოპერაციები, მაგრამ 450 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს დატოვებული ავღანეთის არმიისა და უშიშროების ძალების საწვრთნელად და მხარდასაჭერად. 21 დეკემბერს ავღანეთში ექვსი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ბაგრამის სამხედრო-საჰაერო ბაზასთან თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად.

XS
SM
MD
LG