Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი და პრემიერი მწუხარებას გამოთქვამენ თელავში ორი პოლიციელის დაღუპვის გამო


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს თელავში პოლიციელების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. პრეზიდენტმა ტრაგედიასთან დაკავშირებით გაავრცელა წერილი, რომელშიც სამძიმარს უცხადებს პოლიციის კაპიტან გელა ლამაზოშვილისა და პოლიციის ინსპექტორ მაია ჯავახიშვილის ოჯახებს. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული პოლიციელების ოჯახებს. პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ კაპიტანი გელა ლამაზოშვილი და ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ ქვეყანას, იცავდნენ მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ცნობების თანახმად, 30 დეკემბერს თელავში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის მოსაზღვრედ მცხოვრებმა 19 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან ესროლა სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს და მის დასახმარელად მისულ კაპიტანს გელა ლამაზოშვილს. მიღებული ჭრილობების შედეგად გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი კი რამდენიმე საათის შემდეგ. განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. საქართველოს შს-თა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც 30 დეკემბერს თელავში იმყოფებოდა, დანაშაულის მოტივად შურისძიება გამორიცხა და ჟურნალისტებს აცნობა, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

XS
SM
MD
LG