Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო და აშშ უარყოფენ, რომ რაიმე სახის საფრთხეს უქმნიან რუსეთს


ნატო და შეერთებული შტატები უარყოფენ რუსეთის ბრალდებას, რომ აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ნატოს გაფართოება და გააქტიურება საფრთხეს უქმნის რუსეთს. ასეთ საფრთხეზე საუბარია რუსეთის უშიშროების ახალ დოქტრინაში. როგორც 5 იანვარს გამოაცხადა ნატოს პრესმდივანმა, ოანა ლუნგესკუმ, „ალიანსი კატეგორიულად უარყოფს სრულიად დაუსაბუთებელ განცხადებებს, რომ ნატო და მისი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის“ რუსეთის უშიშროებას. ლუნგესკუს თქმით, ნატო განაგრძობს რუსეთის პრეზიდენტის მიერ გასულ კვირაში ხელმოწერილი ახალი დოქტრინის შესწავლას. ამ დოკუმენტში ნატოს ბრალად ედება საერთაშორისო სამართლის დარღვევა და თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან დაახლოება. გასულ თვეში ნატომ მორიგი ქვეყანა, ჩერნოგორია მიიწვია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად. ამას გარდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია, ალიანსმა გააძლიერა აღმოსავლეთ ევროპაში თავისი კონტინგენტი. მაგრამ ლუნგესკუ აცხადებს, რომ „ნატოს გაფართოება არავის წინააღმდეგაა მიმართული“. 4 იანვარს შეერთებულმა შტატებმაც უარყო რუსეთის ბრალდება. პენტაგონის პრესმდივნის, კაპიტან ჯეფ დევისის განცხადებით, ვაშინგტონს არ სურს რუსეთთან კონფლიქტი და მოსკოვს არა აქვს მიზეზი ნატოს საფრთხედ მისაჩნევად.

XS
SM
MD
LG