Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამის სამინისტროებს და სამსახურებს დაავალა, საგანგებო რეჟიმით მუშაობა განაგრძონ


საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრებს, კახა კალაძეს და ნოდარ ჯავახიშვილს, სთხოვა დეტალური ინფორმაცია, თუ რამდენად დაძლეულია ენერგოსისტემასა და საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემები. ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის შედეგები სრულადაა აღმოფხვრილი და 8 იანვრის დილის მდგომარეობით მხოლოდ ასამდე აბონენტია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე ცაგერის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში. კახა კალაძის თქმით, ამ რაიონების სოფლებში შესაბამისი სამუშაოები დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი გზების გაწმენდისთანავე დაიწყება. ენერგეტიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომპანია "ენერგო პრო“-ს თანამშრომლებს, რომლებმაც, კახა კალაძის თქმით, ახალი წლის დღეებში ყველაფერი გააკეთეს ათასობით აბონენტისთვის შეწყვეტილი ენერგომომარაგების აღსადგენად. ახალი წლის ღამით დაწყებული ძლიერი თოვის და ყინვის შედეგად საავტომობილო გზებზე სერიოზული შეფერხებების გამო მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა. „იყო პერიოდი, როცა მთელ საქართველოში ჭირდა გადაადგილება, რასაც, რასაკვირველია, არაფერი ამართლებს, მაგრამ რთული აღმოჩნდა კონტრაქტორების მხრიდან 1-2 იანვარს პერსონალის გამოყვანა და იყო ტექნიკის პრობლემებიც“ - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ძირითადი პრობლემები მოგვარებულია და გარდა იმისა, რომ გააქტიურდნენ კონტრაქტორებიც და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები, მოიმატა ჰაერის ტემპერატურამ. ნოდარ ჯავახიშვილის ცნობით, მთიანი რეგიონებისგან განსხვავებით ბარში პრობლემები პრაქტიკულად აღარ არსებობს. მინისტრებისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ ვალდებულებები ყველა კონტრაქტორმა კომპანიამ ვერ გაითავისა. „ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ კარგი კომპანიები წავახალისოთ, ხოლო მათ მიმართ, ვინც ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, სანქციები გამოვიყენოთ და მომავალი ურთიერთობებისას გავითვალისწინოთ. ამას ვამბობ კონტრაქტორი კომპანიების გასაგონადაც“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის სამინისტროებს და სამსახურებს დაავალა, რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმით მუშაობა განაგრძონ და მოქალაქეებს რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG