Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა 400-მდე ადამიანი გაიტაცეს აღმოსავლეთ სირიაში


გავრცელებული ცნობებით, ექსტრემისტულმა ჯგუფმა, „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის აღმოსავლეთში ახალი ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ გაიტაცა სულ მცირე 400 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორიამ 17 იანვარს განაცხადა, რომ ექსტრემისტები შევიდნენ და ხალხი დაატყვევეს მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ სოფელ ალ-ბაღალიეში, რომელიც ქალაქ დეირ ალ-ზურის ჩრდილოეთით მდებარეობს. როგორც იუწყებიან, გატაცებულებს შორის არიან მთავრობის მომხრე მებრძოლთა ოჯახების წევრები. ობსერვატორიის ხელმძღვანელმა, რამი აბდელ რაჰმანმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ექსტრემისტების მხრიდან ამ 400-მდე ადამიანს სიკვდილით დასჯა, ან დამონება ემუქრება იმ საბაბით, რომ ისინი რეჟიმის მომხრეები არიან. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ, „სანამ“, მანამდე გაავრცელა ცნობა, რომ თავდასხმის დროს ექსტრემისტებმა დახოცეს სულ მცირე 300 ადამიანი, რომელთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ მოხუცები, ქალები და ბავშვები. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები აკონტროლებენ დეირ ალ-ზურის პროვინციის დიდ ნაწილს, ამავე სახელწოდების მქონე რეგიონული დედაქალაქის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG