Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და საფრანგეთი ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლაში რუსეთს ადანაშაულებენ


აშშ-ი და საფრანგეთი რუსეთსა და სირიის რეჟიმს აკისრებენ პასუხისმგებლობას ჟენევაში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლის გამო. 2 თებერვალს ჟენევაში გაიმართა სამშვიდობო მოლაპარაკება სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებს შორის. იმავე დროს სირიის სამთავრობო ჯარების ნაწილებმა რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით წამოიწყეს იერიშები ქალაქ ალეპოს მახლობლად მდებარე დასახლებულ პუნქტებზე. სირიის რეჟიმმა მიაღწია წარმატებას და 3 თებერვალს შეიარაღებული ოპოზიციის ციტადელს თურქეთთან დამაკავშირებელი მომარაგების გზები მოეჭრა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა დაადანაშაულა სირიის ხელისუფლება და მისი მოკავშირეები, რომლებიც, ფრანგი დიპლომატის თქმით, „არ არიან დაინტერესებულნი იმაში, რომ კეთილი ნება გამოავლინონ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს.“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ავიაცია ებრძვის არა ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ ან „ან ნუსრას“ მებრძოლებს, არამედ ქალაქ ალეპოს გარშემო გამორჩეულად სწორედ იმ ოპოზიციური ჯგუფების პოზიციებს ბომბავს, რომლებიც ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ. სირიის ოპოზიციისა და ბაშარ ალ ასადის წარმომადგენლების მოლაპარაკებების შემდეგ თარიღად 25 თებერვალი დასახელდა.

XS
SM
MD
LG