Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დაიწყო პროექტ "ახალი ტფილისის" განხორციელება


პროექტის "ახალი ტფილისის" განხორციელება დაიწყო საქართველოს დედაქალაქში. პროექტის პრეზენტაციისას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ "ახალი ტფილისი" უნიკალური და მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით. მერის ინფორმაციით, რეკონსტრუქცია-რესტავრაციის პროცესი მოიცავს აღმაშენებლის გამზირს მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე. დავით ნარმანიას განმარტებით, ამ ტერიტორიაზე სრულად იქნება რესტავრირებული და გამაგრებული 45 შენობა, მოწესრიგდება ფასადები, გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორიები, სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ტროტუარები და დაიგება გზის საფარი. „რაც ყველაზე მთავარია, ეს სივრცე იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის", - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე ინფორმაციით, პროექტის შემადგენელი ნაწილია „მშრალი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაც, სადაც მოვაჭრეებისთვის მოეწყობა სპეციალური დახლები. თბილისის მერის თქმით, მოწესრიგდება დედაენის და 9 მარტის ბაღები, რომლებიც ერთმანეთს სპეციალური გალერეით დაუკავშირდებიან და სრულად აღდგება „მშრალი ხიდი“ და მისი მიმდებარე შენობები. „მართლაც გამორჩეულ და მრავალმხრივ პროექტთან გვაქვს საქმე, რადგან ტერიტორიზე, რომელიც თბილისის ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია, გაუმჯობესდება ამ უბანში მცხოვრებთა კეთილდღეობა, უძრავი ქონება ფასეულობის შენარჩუნებით განახლდება და ეკონომიკური თვალსაზრისით საინტერესო და მიმზიდველი იქნება მათთვისაც, ვინც იქ მომავალში ბიზნესს განახორციელებენ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისი ინფორმაციით, პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა 200-მდე სპეციალისტი, უშუალოდ სამუშაოების პროცესში კი 800-მდე ადამიანი დასაქმდება. თბილისის მერი პროექტის დასრულებას წლის ბოლომდე ვარაუდობს.

XS
SM
MD
LG