Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო სავალუტო ფონდს დაჰპირდა რეფორმების გაგრძელებას


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაარწმუნა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომ ხელისუფლება გააგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს და შეებრძოლება კორუფციას. 10 თებერვალს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტინ ლაგარდმა უკრაინას მოუწოდა, განახორციელოს დაპირებული რეფორმები და აღმოფხვრას კორუფცია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, დაკარგოს საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა და ხელიდან გაუშვას დაპირებული 17,5 მილიარდი მოცულობის სესხის მიღების შანსი. გავრცელებული ინფორმაციით, პოროშენკოსა და ლაგარდს შორის 11 თებერვალს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ ხაზი გაუსვა მთავრობის განახლების აუცილებლობასაც. თუმცა გამორიცხა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, უკრაინის ლიდერის თქმით, მხოლოდ გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს და გააუარესებს პირობებს, რაც ეკონომიკური რეფორმების განახლებას ესაჭიროება. უკრაინის დასავლელ მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, რეფორმატორ აივარას აბრომავიჩიუსის გადადგომამ. 3 თებერვალს აბრომავიჩიუსმა პოსტი დატოვა და ამის მიზეზად დაასახელა „სისტემური და მნიშვნელოვანი რეფორმების დაბლოკვის მცდელობები.“

XS
SM
MD
LG