Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას შედგა ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი


კვირას შედგა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი. როგორც კრემლმა აღნიშნა ხაზგასმით, საუბარი ამერიკის მხარის ინიციატივით შედგა. ორმა ლიდერმა მიმოიხილა სირიის კრიზისი და ვითარება უკრაინაში. როგორც იტყობინებიან, მათ დადებითად შეაფასეს სირიის მხარდაჭერის საერთაშორისო ჯგუფის მიერ 11-12 თებერვალს მიუნხენში გამართული სხდომების შედეგები და მხარი დაუჭირეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას. კრემლი აღნიშნავს, რომ უკრაინაზე საუბრისას პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ კიევი პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს მინსკის შეთანხმებების პირობების შესასრულებლად. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შაბათს, მიუნხენში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დასდო ბრალი. პოროშენკოს თქმით, დონბასში არავითარი სამოქალაქო ომი არ არის, საქმე ეხება კრემლის აგრესიას და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნას, რასაც მოსკოვი უარყოფს. პოროშენკომ ასევე მოუწოდა რუსეთს მინსკის შეთანხმებების შესრულებისკენ.

XS
SM
MD
LG