Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიხეილ ჯანელიძის, ელმარ მამედიაროვის და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა. საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თურქ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს ანკარაში 17 თებერვალს მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც 30-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა აღნიშნა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება. "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გავაძლიეროთ, რადგან ეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხია და მოითხოვს სამმხრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე“ - განაცხადა ელმარ მამედიაროვმა. ამავე პრესკონფერენციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ტერორიზმის საფრთხის მიუხედავად, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ პროექტებს არაფერი ემუქრება. ჩავუშოღლუს განცხადებით, ტერაქტების გამო თურქეთი თავის საგარეო პოლიტიკას არ ცვლის და მეგობრებთან არანაირი პოზიციების გადახედვას არ აპირებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო მჭიდროდ ითანამშრომლებენ. „რაც შეეხება ერთობლივ პროექტებს, მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ, რათა უკვე დაწყებული პროექტები წარმატებით დასრულდეს და წარმატებული იყოს ახალი პროექტები, რომლებსაც ალბათ მომავალშიც განვახორციელებთ" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ეწვივნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახს და დაათვალიერებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთს, სადაც სამშენებლო სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და ტესტირება შარშან ჩატარდა.

XS
SM
MD
LG